გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ აერთიანებს ოპოზიციას, არც საზოგადოებას, ეს არ არის ცენტრალური საკითხი, ბარამიძე უბრალოდ არასერიოზულად იქცევა
გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ აერთიანებს ოპოზიციას, არც საზოგადოებას, ეს არ არის ცენტრალური საკითხი, ბარამიძე უბრალოდ არასერიოზულად იქცევა

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არც ოპოზიციას და არც საზოგადოებას აერთიანებს. ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა ვისაც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან დაკავშირებული განსხვავებები ცენტრალური საკითხი არ არის.

„ოპოზიციას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს აერთიანებთ მთავარი საკითხი – ეს არის ფუნდამენტური წესი, რომ უმრავლესობის წესის გარეშე არავინ შეიძლება დარჩეს საქართველოს ხელისუფლებაში – არც ეს სამარცხვინო ივანიშვილი და არც მისი კლოუნების გარემოცვა. ამ პოზიციის შიგნით არის მსხვილი ჯგუფი – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მანიპულირებადი შედეგებით აჩვენა სხვებზე უფრო დიდი შედეგი – 27 პროცენტი.

დანარჩენი ოპოზიცია ის გახლათ, რომელსაც 16-17 პროცენტი აქვს. მათ მეტი აქვთ, მაგრამ ჩვენ შორის სხვა დიდი განსხვავებაა. ეს შეეხება მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ფიგურას და მის საქციელს, მის დამოკიდებულებას, მაგრამ ეს მეორე საკითხი არ არის ცენტრალური. მესმის, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული ორგანოების მხრიდან ამ საკითხზე ფოკუსირების ინტერესი არსებობს. ეს არ არის მთავარი საკითხი და პირველ ხუთეულშიც არ ხვდება.

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას არ აერთიანებს და არც საზოგადოებას. ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, სხვა დანარჩენი ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველია.

სააკაშვილის ნაბიჯებზე ჩემი კრიტიკული აზრი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ასევე ცნობილია ივანიშვილის მიზანი, რომ ეს საკითხი აქციოს ცენტრალურ საკითხად. ეს არ არის ცენტრალური საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მეტი მხარდაჭერა აქვს, ცენტრალურ საკითხად აქვს ეს შექმნილი. ბარამიძე უბრალოდ არასერიოზულად იქცევა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხადებას ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც სააკაშვილის ფოტოებია და გაკეთებულია წარწერა –  „ჩამოდი“.

„ამ შემთხვევაში წყაროა სააკაშვილის განცხადებები. თავად ხსნის ამ დისკუსიას და მერე თვითონ ბრაზდება. არ მიკვირს, ისე იქცევა, მაგრამ კარგად არ იქცევა, როგორც ყოველთვის, უკვე დიდი ხანია“, – განაცხადა ბოკერიამ.