გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე ვერ იქნება
გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე ვერ იქნება

მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „არ აპირებს,  მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას. ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“.

„ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიაში თუ თვლის, მათთვის სასარგებლოდ სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეგ საკითხი არ არსებობს საერთოდ და მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა. ოპოზიციურ ერთობას ვერ დააზიანებს ვერავინ, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა არ გადაწყვეტს, რომ დააზიანოს და ვინც ამას გადაწყვეტს, ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს საზოგადოების თვალში. რადგან ყველას ესმის, რომ ივანიშვილის მშვიდობიანად დამარცხება არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა. ვინმე ბრიყვის რაიმე სახის მოტივაციის, ან პოლიტიკური ეგოიზმის გამო ვინც დააზიანებს, ის გადაიხდის ფასს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება. მის პარტიაში თუ აქვს მას ეს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა, „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა ძალიანაც რომ მოინდომოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.