გიგა ბოკერია - მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია
გიგა ბოკერია - მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომის შესახებ.

„სკოლაშიც გვასწავლიდნენ იგავს – „მაოხრებელი გზირი“. გარდაუვალია ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ გუნდის დამარცხება მეორე ტურში. სანამ ეს მოხდება, აბსოლუტურად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადებებით, მანამდეც აყენებენ ზიანს მოქალაქეებს. როცა მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამოქალაქო ომი იქნება, თუ მოიგებს ოპოზიციაო და ყველამ იცის, რომ ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია, ბუნებრივია, ეს ქმნის საფრთხის განცდას, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ მიერ  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე კითხვასთან დაკავშირებით, ბოკერია ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ თავიდანვე განაცხადა, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

„ასეთ საკითხებზე ჩვენ ამომრჩევლებს წინასწარ ვაფრთხილებთ. გვქონდა გაცხადებული, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს დავუჭერდით მხარს, მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ეს სიურპრიზი არ იყო ჩვენი ამომრჩევლისთვის. ჩვენ შეთანხმებაც კი გავაფორმეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ, რომ სწორედ ასე მოვიქცეოდით“, – – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.