გიგა ბოკერია - მე კი სხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილი ვარ

მე კი სხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის, ერთი ჩემი კოლეგისა არ იყოს, რომელმაც ეს ხმამაღლა გამოაცხადა ცოტა ხნის წინ, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მაია ვაჩაძისთვის შეკითხვის დასმის დროს გააკეთა.

გიგა ბოკერიამ ქობულეთში მუსლიმურ სასულიერო სასწავლებელთან დაკავშირებული მოვლენები გაიხსენა და მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ დაადგინა წლების წინ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი.

„ჩვენი მრწამსის ადამიანები რომ შეზღუდონ ფიზიკურად, რომ არ გვიშვებდნენ ეკლესიაში ვიღაცები, რომ მოვარდნენ ანტიმართლმადიდებლები, იქ პოლიცია ხო ნამდვილად იმოქმედებდა? თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ასე არ იქნებოდა და პოლიცია ზოგადად უძლური იყო? მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, ვარაუდის საფუძველი არ არსებობდა იმისი, რომ დისკრიმინაცია იყო? ნუთუ პოლიციას არ უნდა ემტკიცებინა, რატომ მოიქცა ასე, რატომ არ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მოსამართლეობის კანდიდატმა მაია ვაჩაძემ აღნიშნა, რომ ფაქტები, რომელსაც მოსარჩელე მიუთითებდა, უნდა იწვევდეს გონივრულ ეჭვს.

„ფაქტები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმაა, არ შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციად“,- აღნიშნა მაია ვაჩაძემ.

დატოვე კომენტარი