გიგა ბოკერია - მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ ოპოზიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ ვარიანტს სთავაზობს
გიგა ბოკერია - მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ ოპოზიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ ვარიანტს სთავაზობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იმ შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, შეთავაზებული იყო ორი ვარიანტი – ერთი 11/8-ზე, რაც გულისხმობდა 11 ოლქის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დათმობას, ხოლო დანარჩენი რვა ოლქის სხვა პარტიებზე გადანაწილებას, მეორე კი, 8/4-ზე, საიდანაც რვას „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო ოთხს „ევროპული საქართველო“ გაინაწილებდა.

„ჩვენ აქამდე საჯაროდ ვამბობდით, რომ მოლაპარაკებები გვაქვს, მაგრამ დეტალებში არ შევდიოდით, ასე მიგვაჩნდა სწორად. ახლა ვთვლით საჭიროდ, რომ საჯაროდ გავაცნოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ მოთამაშეეებთან რა ტიპის შეთავაზება გვქონდა. ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ ორ ვარიანტს – ერთი არის ფართო ვარიანტი, როცა ვთანხმდებით ყველა, ვინც თბილისის შეთანხმების მონაწილეები ვართ, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს კანდიდატს, რომელსაც ყველა სხვა თბილისის შეთანხმების მონაწილე პარტია უჭერს მხარს ყველა დიდ ქალაქში – თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი, მარტვილი, ბოლნისი, ჭიათურა. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს დანარჩენი პარტიების მიერ შეჯერებულ კანდიდატებს შემდეგ ოლქებში – თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური-ქედა, ფოთი ან მარტვილი, აქაც გააჩნია, პირველ ვარიანტში როგორ იქნება, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა, ციფრი რომ გითხრათ, 11/8-ზე. მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ფართო შეთანხმება არის უკეთესი. თუ ეს შეთანხმება ვერ შედგება რაიმე მიზეზით, რომელიმე მოთამაშის გამო, „ევროპული საქართველო“ მათ ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებასაც ჩვენ შორის. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, თუმცა აქაც ყველა დიდ ქალაქს ჩვენ ვუთმობდით მათ. ეს არის ამ შემთხვევაში რვა ადგილი. ვითხოვდით მათგან მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, რადგან ამ ოლქებში ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს. ეს არის ზემო აჭარა – ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვლში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე ხონში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ მხოლოდ სადღეგრძელოს კი არ ამბობს, მას აქვს ძალიან კონკრეტული და მოქნილი შეთავაზება.

„ჩვენ რამდენიმე დღე გვაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგეს. თუ ეს არ შედგება და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს შეთანხმება, მაშინ დანარჩენი პარტიები შევთანხმდებით. არ მივცემთ ივანიშვილს იმის საშუალებას, ისევ კარტის გათამაშება სცადოს, რაც მან გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა ბოკერიამ.