გიგა ბოკერია - კრიტიკა, რაც შეხვდა ზუგდიდის ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული
გიგა ბოკერია - კრიტიკა, რაც შეხვდა ზუგდიდის ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული

კრიტიკა, რაც შეხვდა ზუგდიდის ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ზუგდიდში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დააჯარიმა.

„აბსოლუტურად გასაგებია სხვადასხვა ჯგუფების მიერ, დაეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს. ნორმალური კი არა, ეს საჭიროც არის. ბუნებრივია, ეს დახმარება თვითონ არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ აბსოლუტურად დაუშვებელია ის, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუგდიდში. კრიტიკა, რაც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული.  კარგია, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე თვითონ აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო საუბარი რაღაც შეთქმულებაზე, პროვოკაციაზე. ეს არ არის შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო, ეს არის წესების მკაცრად დაცვის დრო.

ასევე ცუდია, რომ ეს ინციდენტი სახელისუფლო პროპაგანდამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის ამ პოლიტიკურ გუნდის და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ცუდია, ამის დროც არ არის ახლა. მკაცრი შეფასების დრო არის, რა თქმა უნდა“,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ პაატა იმნაძეს და ამირან გამყრელიძეს მიმართა, მკაცრი შეფასება ჰქონდეთ ყველა თავყრილობაზე, მათ შორის ეკლესიასთან მიმართებაში.

„ამავე დროს, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბატონ იმნაძეს და გამყრელიძეს, ამ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ასეთი გამოწვევის დროს მთელი ქვეყნისთვის. გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ოპოზიციური გუნდის მიმართ, ვინც ეს მძიმე შეცდომა დაუშვა ზუგდიდში. მინდა თხოვნა და მოწოდება მქონდეს მათ მიმართ, რომ იყვნენ თანმიმდევრული და როცა ასე მკაცრად აფასებენ ოღონდ დამსახურებულად, ასეთივე მკაცრი შეფასებები ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ, ნებისმიერი ეკლესიის, მათ შორის ქართული საეკლესიო პირების მიმართ. მე ვიტყოდი აქ რისკები არანაკლები, ბევრად მეტია. როცა საუბარია მაგალითად ერთი კოვზით ზიარებაზე. აქ ჩვენ ასეთი მყარი და მკაფიო გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია. იგივე შეიძლება ითქვას იმ რიგებზე, რომელიც ვიხილეთ პენსიონერების მხრიდან პენსიის ასაღებად. აქაც მთავრობის რეაქცია უნდა იყოს პრევენციული და არა დალოდება და მერე თუნდაც დამსახურებული კრიტიკა. აი ეს იყო ჩემი გზავნილი“,- განაცხადა ბოკერიამ.

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგებამ მასობრივი თავყრილობა გამოიწვია.