გიგა ბოკერია - კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ვიხილეთ თეა წულუკიანის სპექტაკლი
გიგა ბოკერია - კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ვიხილეთ თეა წულუკიანის სპექტაკლი

კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ვიხილეთ თეა წულუკიანის სპექტაკლი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მოხსენებასა და თეა წულუკიანის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ვიხილეთ თეა წულუკიანის სპექტაკლი. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ. მან ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლებისა და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ილაპარაკოს? იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის მინისტრი შეწუხებულიყო იმ პრობლემებით, რაც იყო სახალხო დამცველის მოხსენებაში და დისკუსია გაემართათ, ისაუბრა, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მარჩენალი ივანიშვილის რეპუტაციას, ასევე ისაუბრა გარეგნობასა და ჩაცმულობაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ყოფილი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები არსებულ პრობლემებს ვერ ამართლებს.

„ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მე გახლდით, არჩევნებში მარცხით დამსახურებული პოლიტიკური ფასი გადაიხადა იმ უმძიმესი პრობლემების გამო, რომელიც ჩვენ გვქონდა პენიტენციურ სისტემაში. ოღონდ, ეს იყო რვა წლის წინ. ამის შემდეგ მოვიდა ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ლეგიტიმური კრიტიკით. იმის მაგივრად, რომ წინ წაეყვანათ საქმე, დამარცხებული ორგანიზებული დანაშაულის ფონზე კონტროლი დაეწესებინა სასჯელაღსრულების მუშაკების მხრიდან, დააბრუნეს იქამდე არსებული პერიოდი. ჩააბარეს სისტემა ორგანიზებულ დანაშაულს. ყველა ნიშანი ამისი გვაქვს, რაც დაცვას კი არა, სრულ განუკითხაობას უზრუნველყოფს. ჩვენი პასუხისმგებლობა არანაირად არ ათავისუფლებს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ამდენი წელია მართავს ქვეყანას და ყველაფერზე ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ადრე იყო სერიოზული პრობლემები. რას შველის ეს ჩვენს საზოგადოებას, ან პატიმრების უფლებებს რით ეხმარება, იმაზე მითითება, როგორი პრობლემები იყო ადრე. ეს არის ტიპური დამოკიდებულება ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ამ ტიპის თავდასხმები სახალხო დამცველზე და მისი დემონიზაცია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.