გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს - მართლა გჯერათ, რომ ხალხი, რომელიც „შავი სიიდან“ გათავისუფლდა სამსახურს იშოვის? სესხი აიღეს, რადგან სამსახურს ვერ შოულობდნენ
გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს - მართლა გჯერათ, რომ ხალხი, რომელიც „შავი სიიდან“ გათავისუფლდა სამსახურს იშოვის? სესხი აიღეს, რადგან სამსახურს ვერ შოულობდნენ

მართლა გჯერათ, რომ ხალხი, რომელიც „შავი სიიდან“ გათავისუფლდა სამსახურს იშოვის? იმ ხალხმა სესხი იმიტომ აიღო, რომ სამსახურს ვერ შოულობდა, მიზეზ-შედეგი გერევათ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ვალების ჩამოწერა მოხდა პრემიერ-მინისტრის ჩარევით, ხოლო კობა გვენეტაძეს, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეს პრობლემად არ მიაჩნია.

„ძალიან ვწუხვარ, ბატონო კობა, რომ თქვენგან თითქმის ერთი ერთში ჩვენი მთავრობის მავნებლური და ახლომხედველური პოლიტიკის ფუძემდებლური თეზისების გამეორება მოვისმინე. თქვენც გგონიათ, რომ ხალხის პრობლემა არ არის, სამსახურს რომ ვერ პოულობენ, სამუშაო ადგილები არ იქმნება და არის დაბალი ეკონომიკური ზრდა. პრემიერ-მინისტრის ჩარევით მოხდა ამ ოპერაციის განხორციელება და თქვენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეს არ მიგაჩნიათ პრობლემად. ხალხი ვინც წვალობდა და იხდიდა, იმათთვის რა სიგნალია ეს და ხვალ რა მოუვა ყველა იმ ადამიანსა და ჭარბვალიანობას, როცა ერთხელ საარჩევნო სპეკულაციისთვის ასეთი რამე ხდება მთავრობის ჩარევით? თქვენ ამაზე ან არ გსურთ პოზიციის დაფიქსირება, ან კიდევ უფრო უარესი პოზიცია გაქვთ. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა თქვით – ის ხალხი, ვინც განთავისუფლდა ამ „შავი სიიდან“, ახლა წავა და სამსახურს იშოვისო. მართლა გჯერათ, რომ ეგრე მოხდება? იმ ხალხმა სესხი იმიტომ აიღო, რომ სამსახურს ვერ შოულობდა, მიზეზ-შედეგი გერევათ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიგა ბოკერიას საპასუხოდ აღნიშნა, მას არ უთქვამს, რომ ადამიანები, რომლებსაც ვალები ჩამოეწერათ სამსახურს აუცილებლად იშოვიან, არამედ თქვა, რომ ასეთ მოქალაქეებს სამსახურის შოვნის მეტი სტიმული ექნებოდათ.

„არ მითქვამს, რომ ეს ხალხი აუცილებლად იშოვის სამსახურს. მე ვთქვი, რომ მათ უკეთესი შესაძლებლობა და სტიმული აქვთ, სამსახური იშოვონ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ისინი „შავ სიაში“ ყოფნის დროს იპოვიდნენ სამსახურს, ანაზღაურების ძალიან დიდი ნაწილი წავიდოდა ამ სესხების მომსახურებაზე და სტიმული არ გაუჩნდებოდათ. ზუსტად ეს იყო წყარო, რომ ისინი მიდიოდნენ და მუშაობდნენ არაფორმალურ სექტორში. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მათ უკეთესი შანსი აქვთ, ვიდრე ადრე ჰქონდათ. მინდა, მოგახსენოთ, რომ ეს არ არის საკითხი, რომელსაც მხოლოდ დადებითი მხარეები აქვს. თავად მითქვამს ეს კომიტეტის განხილვაზეც და ამის ჩანაწერიც არსებობს, რომ აქვს უარყოფითი მხარეც, ეს არის ე.წ. მორალური რისკი. ანუ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მსესხებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არის ძალიან კარგი და არ გადაიხადონ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი ფინანსური სექტორისთვის. ამიტომ კარგად უნდა მოხდეს ამ აქციის ინიციატორების მიერ იმის განმარტება, რომ ეს არის ერთჯერადი აქცია და რომ ასე აღარ მოხდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.