გიგა ბოკერია - ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა ნიკა მელიას გათავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ
გიგა ბოკერია - ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა ნიკა მელიას გათავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას პატიმრობა ძალიან მძიმე პრობლემა იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამიტომ, მას აუცილებლად მოუწევდა მელიას განთავისუფლება.

ამის შესახებ ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია.

„თავი რომ დავანებოთ იმ ტექნიკურ დეტალს, რომელიც ცნობისმოყვარეობას იწვევს, თუ სად გადაირიცხა ფული, რადგან პროკურატურამ უნდა გადადგას ნაბიჯი და შეუცვალოს პატიმრობა გირაოთი, რათა გირაო იქნას გადახდილი. თუმცა, გვერდით რომ გადავდოთ ეს საინტერესო სამართლებრივი დეტალი, არსებითად, ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ის არის პოლიტპატიმარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თავისუფალი ამა თუ იმ ფორმით, დარწმუნებული ვიყავი ამაში, ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი განთავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისათვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ორივე ფრონტზე.

სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიღწევამ, როგორც მოხდა იმ პარტიებთან, რომლებიც მას შეუერთდნენ ოპოზიციიდან, ამან ბრძოლის პროცესი საერთო ჯამში ივანიშვილის რეჟიმთან წინ ვერ წაწია და დააზიანა, მიუხედავად ამისა, ამ ვითარების ამოქაჩვა არის აბსოლუტურად შესაძლებელი ჩვენ მოქალაქეებთან ურთიერთობით, პოლიტიკური ძალების და საზოგადოებრივი ჯგუფების მოტივაციის შექმნით, კლიმატის გარდატეხით და იმ ვითარების შექმნით, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმური მეთოდებითაც კი აღარ გამოუვა ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და როცა საჭიროა მშვიდობიანი პროტესტიც“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, მელიას და რურუას თავისუფლება არის კარგი ამბავი როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა „ამ პროცესის მთავარი ხინჯი არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა“.

„ნიკა მელიას და გიორგი რურუას თავისუფლება არის კარგი ამბავი ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აქვს ხინჯი სერიოზული არის ის, რომ მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა ივანიშვილს და მის რეჟიმს ვაჭრობა პოლიტიკური პატიმრებით და ამის გაცვლა რაღაცებში და ეს ცუდი პრეცედენტია, მაგრამ ამოქაჩვადია. მნიშვნელოვანია ხალხს ესმოდეს, რომ ეს არ არის ვითარება, რომ ვაიმე დავიღუპეთ და ა.შ., არა, ამოქაჩვადია, ისეთ მძიმე ვითარებაშია ივანიშვილის რეჟიმი მისივე მავნებლური და უკანონო, არალეგიტიმური, ავტორიტარული პოლიტიკის შედეგად, რომ ის აუცილებლად იქნება დამარცხებული, ოღონდ მისი დამარცხების დროს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენებისთვის საჭიროა აქტიური მუშაობა, მოქალაქეების მოტივირება და იმ კლიმატის შექმნა როცა ეს მოხდება ნაკლები ზიანის გარეშე“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი