გიგა ბოკერია - ხელისუფლება დროზე მოეგოს გონს და უტიფარ რაღაცებს თავი დაანებონ
გიგა ბოკერია - ხელისუფლება დროზე მოეგოს გონს და უტიფარ რაღაცებს თავი დაანებონ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებას“ ნაწილობრივ ხუმრობით მოუწოდებს, რომ საარჩევნო შეთანხმების საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას მაინც დაუჯერონ.

მისი თქმით, ინაშვილმა განაცხადა, რომ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რადგან მასში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე იყო.

„პროგრესია, რადგან მანამდე ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრებზე ლაპარაკი არ იყოო. დღეს გაირკვა, რომ ლაპარაკი იყო, მაგრამ არ დავთანხმდითო.

მინდა, ნახევრად ხუმრობით მოვუწოდო „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს და ივანიშვილის გარემოცვას, თუ არც ჩვენი, არც ოპოზიციის, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის მერე გააკეთეს, არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების, არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრების ჯგუფის, თუ არავისი სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე იყო საუბარიო. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა სიმართლე და მაშინაც არ უჯერებენ, ასე არ შეიძლება. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებში და ამაშიც უნდა დაუჯერონ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართული ოცნების“ განცხადებას უტიფრობას უწოდებს.

„სერიოზულად, რომ გიპასუხოთ. მესმის, რომ უტიფრობა და სრული აბსურდი არის ივანიშვილის გარემოცვის სტილი. პროპორციულზეც რომ „გადაგვაგდეს“ და თქვეს, რომ ჩვენ არც დაგპირებივართ, რაღაც იდეა ვთქვითო. გავიგე, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა. რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ, ეს არ გვიკვირს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის ინტერესი. მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგოს გონს, რადგან ცოტა დროა კიდევ დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე. იქამდე უნდა შეასრულოს პირობა, რასაც ხელი მოაწერეს. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ უმძიმეს დარტყმას მიიღებს. ქვეყნისთვის ეს კარგი არ იქნება, ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე და ძალიან მძიმე პერსონალურ პოლიტიკურ ხვედრს უქადის მას“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ცდება ხელისუფლება, თუ ჰქონია, რომ პანდემიისა და დიდი გამოწვევის გამო  ვითარება შეიცვალა.

„როცა რაღაცას დაპირდები, უნდა შეასრულო. დროზე მოეგონ გონს და უტიფარ რაღაცებს თავი დაანებონ. აბა, მეორე ტექსტი რაზე არის, სადაც საუბარია, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებაზე? დღეს საოცარი ლოგიკა მოვისმინე – როგორ შეიძლება, მთავრობის ჩარევა და ეს დარღვევაა შტოებს შორის ბალანსისო. დღეს, რომ დარღვეულია, ამიტომ გახდა საჭირო შეთანხმება. პირიქით, ჩარევის განეიტრალებაზეა ლაპარაკი და არა – ჩარევაზე“ , – აცხადებს ბოკერია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად პოლიტიკური შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.  მან მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ მმართველ გუნდს არ აუღია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.