გიგა ბოკერია - ხელისუფლება არ აძლევს საჯარო რეაქციას კადიროვის მუქარას, რაც ზრდის რისკებს, პუტინის რეჟიმმა კვლავ ჩაიდინოს ტერაქტი ჩვენს ქვეყანაში
გიგა ბოკერია - ხელისუფლება არ აძლევს საჯარო რეაქციას კადიროვის მუქარას, რაც ზრდის რისკებს, პუტინის რეჟიმმა კვლავ ჩაიდინოს ტერაქტი ჩვენს ქვეყანაში

ხელისუფლება ჩვენი მოქალაქის შესაძლო მკვლელობაზე არ აძლევს საჯარო რეაქციას კადიროვის მუქარას, რაც ზრდის მომავალში რისკებს არა მარტო გიორგი გაბუნიასთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც რამზან კადიროვმა გუშინ გაავრცელა.

ბოკერიას თქმით, „ეს ზრდის მომავალში რისკებს არა მარტო გაბუნიასთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა რისკზე, ჩაიდინოს ტერაქტი ჩვენს ქვეყანაში“.

„მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ჟურნალისტ გაბუნიას წინააღმდეგ ტერაქტი. ეს ინფორმაცია დაადასტურა სუს-მა. ცნობილი გახდა სხვა მონაცემებიც. დადასტურებულია, რომ მეგობარი უკრაინის სპეცსამსახური დაეხმარა. დადასტურებულია გვარი ადამიანის და შესაძლო ლინკი მისი რუსეთის რეჟიმის წარმომადგენელთან, კერძოდ, კადიროვთან. ეს არის უმძიმესი რამ. კარგია, რომ ამის დაკავება მოხდა მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურის საშუალებით, მაგრამ ჩვენთვის, ყველასთვის საგანგაშოა ის რეაქცია, რაც მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმისგან. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, პრემიერის, მათი სპიკერების და ყველა ეს განცხადება იყო თითის გაშვერა ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ. არც ერთ მათგანს არ უხსენებია პუტინის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია. თუ ვითარება არის ისეთი, რომ გამოძიება გრძელდება და არ არის შესაფერისი მომენტი ხელისუფლებისთვის, თქვას. აქ შესაძლოა, ჩართული იყვნენ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, კადიროვი, ერმინი და სხვა. მაშინ რატომ აკეთებენ განცხადებებს ოპონენტების წინააღმდეგ. თუ გამოძიება არ დასრულებულა, როგორ შეიძლება არსებობდეს ოპონენტების წინააღმდეგ ამ ბინძური ბრალდებების საფუძველი. თუკი არ საუბრობ, რაზეც გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, მინიმუმ რუსეთის ფედერაციაზე და პუტინის ხელისუფლებაზე, რით შეიძლება აიხსნას ნორმალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი სამარცხვინო ნაბიჯები. აქ ოპოზიციის რეპუტაცია კი არ არის მთავარი პრობლემა, აქ არის რისკები მთელი ქვეყნისა და ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ნათლად ჩანს, რომ გამოძიების დასრულებამდე ხელისუფლება კომფორტულ პროპაგანდას ეწევა რუსეთისთვის და ეს ყველაფერი შემოაქვთ ქვეყნის შიგნით საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ.

„ამაზე უფრო მეტი პროპაგანდისტული მტრობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების რა შეიძლება იყოს. აქ არ არის საუბარი, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. როცა მტრული სახელმწიფო შენს ქვეყანაში დიდი ალბათობით ტერაქტს გეგმავს, როცა მტრული სახელმწიფოს ლიდერები პირდაპირ ემუქრებიან შენს მოქალაქეს, შენი ოპონენტი რომც იყოს, ხელისუფლება ამ დროს მტერს ფასს უჯენს პოლიტიკურს, საერთაშორისოს, ეს არის ჩვენი შემაკავებელი ფაქტორი. ამის მაგივრად გვესმის გზავნილები, რომელიც ეხმარება საქართველოს ოკუპანტს, რომ შემდგომში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ჩააგდოს საფრთხეში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.