გიგა ბოკერია - ხალხმა მოიპოვა უდიდესი გამარჯვება გარე მტერზე, რომელსაც უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა
გიგა ბოკერია - ხალხმა მოიპოვა უდიდესი გამარჯვება გარე მტერზე, რომელსაც უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა

გასული წლის 20 ივნისი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ცუდით დავიწყეთ, როცა „ევროპული საქართველოს“ გაფრთხილების მიუხედავად, გავრილოვი საქართველოში შემოუშვეს, მერე თავზე დაასვეს ქვეყანას, მერე ძალა იხმარეს და ახალგაზრდებმა თვალები დაკარგეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, 20 ივნისის მომხდარზე პირდაპირ პასუხისმგებელი პირი დღეს პრემიერ-მინისტრია, ხოლო მეორე პირი დღესაც ივანიშვილი მთავარი სპიკერია.

„ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ანგარიშვალდებულების პრინციპის დათქმის და შესრულების ამოცანა საზოგადოებას არ გვაქვს შესრულებული, მაგრამ ხალხმა, ვინც იმ დღეს და შემდეგ დღეებშიც აქ იკრიბებოდა, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება ჩვენს გარე მტერზე, რომელსაც ჩვენი შიდა უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა. ეს გარე მტერი არის პუტინის რუსეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და ქვეყნის შიგნით ჩვენს თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. მაშინ საზოგადოებამ მთელ მათ კამპანიას, ჩვენი დაყოფის, სიძულვილის თესვის, რაღაც მითების მოგონების, გასცა ისეთი პასუხი, რომ ეს იყო პუტინის პროპაგანდის, ამ პროპაგანდის მხარდამჭერებისა და იმ მთავრობის უზარმაზარი მარცხი, რომელიც ამას ხელს უწყობდა თავისი სამარცხვინო ნაბიჯებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად სტიკერებია დაკრული. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე არიან განლაგებულები. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.