გიგა ბოკერია - კარგია, რომ მოძალადეებს აქტივისტებზე თავდასხმის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ტესტი ჩაბარებულია
გიგა ბოკერია - კარგია, რომ მოძალადეებს აქტივისტებზე თავდასხმის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ტესტი ჩაბარებულია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს აქტივისტებზე თავდასხმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პოლიციის მხრიდან ზომები ბოლომდე ეფექტური არ იყო, ვინაიდან კანონის დამრღვევებს სამართალდამცველები მასობრივად არ აკავებდნენ.

„კარგია, რომ მოძალადეებს, პროპუტინულ მოძალადეებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკური მოკავშირეები არიან, გუშინ ფიზიკური თავდასხმის შესაძლებლობა თავად აქტივისტებზე არ ჰქონდათ, მაგრამ ვინც ამისკენ მოუწოდებს, მასობრივად არ აკავებენ. იქ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო და ყველანი კანონს არღვევდნენ. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ტესტი ჩაბარებულია. საკითხის დასმა, რომ დღეს რადგან ვერ სცემეს აქტივისტები, კარგია, უკვე ნიშნავს, როგორ რთულ მდგომარეობაში ვართ. მცდელობა ადამიანებისა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობას სჩადიან, მათ შორის პოლიციელების მიმართ, სწრაფად უნდა აღეკვეთათ. წარმოიდგინეთ, ივანიშვილის სახლთან ვინმე რომ ასე იქცეოდეს, რა მოხდებოდა. ეს გვაჩვენებს ჩვენ განსხვავებას. ეს კრიტიკა არ არის რიგითი პოლიციელების მიმართ, ესაა კრიტიკა პოლიტიკური ნების, რომ ამ ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად არღვევენ კანონს, დღემდე შეგიძლიათ, ტელევიზორში უსმინოთ, როცა გუშინ ვიხილეთ, როგორ მოუწოდებდნენ, აორგანიზებდნენ ძალადობას და თვითონაც ძალადობას სჩადიოდნენ“, – განცხადა გიგა ბოკერიამ.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა.