გიგა ბოკერია - ჯარისკაცებმა, რომლებიც 11 წლის წინ დაიღუპნენ, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის
გიგა ბოკერია - ჯარისკაცებმა, რომლებიც 11 წლის წინ დაიღუპნენ, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის

ჯარისკაცებმა, რომლებიც 11 წლის წინ ამ დღეებში დაიღუპნენ, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის, რაც მდგომარეობდა საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დამხობაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

ბოკერიას თქმით, შესაბამისად დაღუპული გმირების ხსოვნა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

„მათი ხსოვნა ყველა ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში, ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვარის – ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას არასოდეს დაუშვებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი იყოს და არ დაუშვას ყველაზე უფრო დიდი საფრთხე – ჩვენს შიგნით საფრთხე, ჩვენს შიგნით შეგუება იმასთან, რომ რუსული ოკუპაციის და პოლიტიკური კარნახის გარეშე, არ გვექნება თავისუფალი ქვეყნის აშენების შანსი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა დეპუტატმა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ეს ყველა მოქალაქის პერსონალურ თავისუფლებასაც უკავშირდება.

„ეს უკავშირდება ჩვენს პერსონალურ თავისუფლებასაც, რადგან ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული ორი ცნებაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.