გიგა ბოკერია - ივანიშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა, როცა შავგულიძე გირგვლიანის საქმის დამნაშავედ და მურუსიძე საქმის გმირად გამოაცხადა
გიგა ბოკერია - ივანიშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა, როცა შავგულიძე გირგვლიანის საქმის დამნაშავედ და მურუსიძე საქმის გმირად გამოაცხადა

ივანიშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა, როცა შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმის დამნაშავედ და ლევან მურუსიძე საქმის გმირად გამოაცხადა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს შეფასებისას.

„ივანიშვილი ახერხებს, რომ ყოველ ჯერზე გააკვირვოს საზოგადოება პოლიტიკური უტიფრობის თვისობრივად ახალი ხარისხით. ახალი რეკორდი დაამყარა, როცა შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმის დამნაშავედ და მურუსიძე ამ საქმის გმირად გამოაცხადა. ამით ყველაფერი ნათქვამია და აბსოლუტურად ბუნებრივია მისი ასეთი გამწარება ოპოზიციაში კონსოლიდაციის პროცესით, რისი გამოსახულებაც შალვა შავგულიძეა. ეს გამწარებული ივანიშვილის ბუნებრივი რეაქციაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, შავგულიძე ხელისუფლებას და ივანიშვილის გუნდს აშინებს.

„ჩვენი ამოცანაა, რა განსხვავებაც უნდა ყოფილიყო ჩვენს შირის, როგორც შალვა შავგულიძემ თქვა, ერთიანი ხედვა გვქონდეს დღევანდელობაზე და ხვალინდელ დღეზე. ასევე იმ შეცდომების გააზრება, რასაც ადგილი წარსულში ჰქონდა. ივანიშვილს უნდა, რომ საზოგადოება დაყოფილი იყოს სიძულვილის მიხედვით და ამ სიძულვილზე და შიშებზე ითამაშოს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.