გიგა ბოკერია - არ მიყვარს ბრალდებები, რომ ვიღაც ჯაშუშია, ჩვენ გვაინტერესებს შედეგი
გიგა ბოკერია - არ მიყვარს ბრალდებები, რომ ვიღაც ჯაშუშია, ჩვენ გვაინტერესებს შედეგი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანას მტრობას უწევს ყველა, ვინც ღიად ქმნის იმ ვითარებას, რომელსაც გარე მტერი იყენებს.

„დაპირისპირების, სიძულვილის, საზოგადოების იგნორირების, ოპონენტების მტრებად გამოცხადების და ამ საქმეს დღეს აკეთებს ივანიშვილის გუნდი“,- აღნიშნა ბოკერიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მმართველობის შედეგი ქვეყნის დასუსტება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის უკანა პლანზე წამოწევაა.

„არ მიყვარს ბრალდებები, რომ ვიღაც ჯაშუშია, ჩვენ გვაინტერესებს შედეგი. ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური არარაობების მმართველობის შედეგი კი არის ქვეყნის დასუსტება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის უკანა პლანზე წამოწევა, ხმის არ ამოღება, რომ მტერს ფასი დაუსვა შენი მოქალაქეების მკვლელობაზე.

ვინ ვინ არის, ამას ქართული საზოგადოება წყვეტს, მაგრამ განწირულია ყველა, ვინც ასე აყენებს საკითხს. იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას უთხრას, როგორ გამოიყვანს ქვეყანას პრობლემებიდან, ეუბნება, მე ვიღაცებს არ შევუშვებ პარლამენტშიო. ეს არის ისტერიაში მყოფი ავტორიტარული პოლიტიკური ფიგურების იარლიყი“,- განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ უკვე მთავარი ამოცანა დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა.

მისივე თქმით, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ.