გიგა ბოკერია - ირაკლი ოქრუაშვილი „ერტეერზე“ გამოდიოდა კვიციანის მსგავსად და ამხელდა საქართველოს ომის დაწყებაში
გიგა ბოკერია - ირაკლი ოქრუაშვილი „ერტეერზე“ გამოდიოდა კვიციანის მსგავსად და ამხელდა საქართველოს ომის დაწყებაში

ის გამოდიოდა ოფიციალურ რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად, პუტინის პროპაგანდის წარმომადგენელი იყო , – ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ის ვერ ითანამშრომლებს ისეთ ადამიანთან, ვინც დადის მოსკოვში, მეგობრობს ყოფილ უშიშროების მინისტრ ხაბურძანიასთან და ოფიციალურად რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად გამოდიოდა.

„ჩემი თანაგუნდელი ვერ იქნება ის, ვინც დადის მოსკოვში, მეგობრობს ყოფილი უშიშროების მინისტრი რა გვარი იყო, ხაბურძანია, ოფიციალურ „ეფესბეს“ რეზიდენტთან, ერთად იყვნენ იქ, ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათი დიალოგი საჯაროდ. ის გამოდიოდა ოფიციალურად რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად. აი, ეგეთი კაცია და ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ. არც ის მოელის ჩვენგან თანამშრომლობას. წითელი ძალების მიღმა მყოფ ძალებთან არ შეიძლება შეკვრა მარტო იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცუდია, უაღრესად ცუდია. ეს განგვასხვავებს ჩვენ ბევრი სხვისგან. ჩვენ ამ პრინციპებს არ ვღალატობთ არასოდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატმა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული სხვა განცხადებებიც გაიხსენა, ყურადღება გაამახვილა „დავით გარეჯთან“ დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და მას ამაზრზენი უწოდა.

„ახლახანს გააკეთა გარეჯზე რაღაც ამაზრზენი განცხადება, მე რომ მინისტრი ვიყავიო დავურეკე ჩემს კოლეგას, ვუთხარი, ახლა ამას თუ არ მოაგვარებ, 100 000 დევნილი გეყოლება, გამოვყრით აზერბაიჯანელებსო. როგორი უპასუხისმგებლო მატყუარა უნდა იყო, რომ ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ რა უფლება გაქვს, ილაპარაკო შენი მოქალაქეების სადმე გაყრაზე. მეორეც, სწორედ ეგ ლაპარაკია, რაც ჩვენს მტერს ხელს აძლევს, რომ ჩვენს შიგნით შუღლი და სიძულვილი დათესოს. აი, ეგეთი კაცია და ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ. არც ის არ მოელის ჩვენგან თანამშრომლობას“, – ამბობს გიგა ბოკერია.