გიგა ბოკერია - ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტისთვის, არამედ ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს
გიგა ბოკერია - ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტისთვის, არამედ ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს

ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტისთვის, არამედ ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიამ აღნიშნული კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ „კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს“.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ის, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ არის მთელი საქართველოსთვის, რადგან ბოკერიას თქმით, ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაჰყვება.

„დამოკიდებულება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის, ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის. ამ ტიპის ჩანაწერი კანონში არ არსებობს. ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემაა, რომ ყველა ასეთი ამბავი არის შედეგების მომტანი არა მარტო დღეს, არამედ ხვალ და ზეგ პოლიტიკური თანაცხოვრებისთვის, განსხვავებული ადამიანების, დემოკრატიული ტრადიციისთვის. ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მოტივებით დაკავება, როცა მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ გეუბნება, რომ პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყო, არ დავიჭერდითო, არის მთელი მსოფლიოს თვალში, ვინც საქართველოს მოკავშირეა, იმის დადასტურება ძალიან მსხვილი ფორმით, როგორ არასწორ გზაზე დგას ქვეყანა ივანიშვილის ხელში.

უკრაინასთან მიმართებაში ჩვენთვის ყველაზე სამარცხვინო იყო არშემოშვება უკრაინელი ჟურნალისტის. ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, ვინც არ უნდა, არ შემოუშვეს, ოღონდ ტესტი, როგორი ხელისუფლება გვყავს, არის იმაში, ვის უშვებენ, ვისი შემოსვლა არ აწუხებთ და ვისი აწუხებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.