გიგა ბოკერია - ვისთვისაც პარლამენტში შესვლა მისაღები აღმოჩნდება, ამაზე იქნება სხვა რეაქცია, იმედი მაქვს, ეს საჭირო არ გახდება
გიგა ბოკერია - ვისთვისაც პარლამენტში შესვლა მისაღები აღმოჩნდება, ამაზე იქნება სხვა რეაქცია, იმედი მაქვს, ეს საჭირო არ გახდება

ჩემი და „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მყარი, რომ საქართველოში არჩევნების იდეის გადარჩენისა და ქვეყნის მომავალში მძიმე ხიფათის აცილებისთვის, აუცილებელია მყარი პოზიციის დაკავება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, იმედია, მყარ პოზიციას ყველა ოპოზიციური პარტია შეინარჩუნებს.

„ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, უბრალოდ, ყველა ეტაპზე ერთმანეთში კონსულტაცია გვაქვს. დღეს ვისაუბრებთ გასაჯაროვდება თუ არა დოკუმენტი, რომელის გარშემოც მიდის ოპოზიციის მსჯელობა. ჩვენი პოზიციები ცნობილია, დეტალებს მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია“, – განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი აპირებს პარლამენტში შესვლას, გიგა ბოკერიამ აღნიშნა: „იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია არ დადასტურდება. იმედი მაქვს, ამ მყარ პოზიციას ყველა შეინარჩუნებს“.

მისივე თქმით, ვისთვისაც მისაღები აღმოჩნდება, რომ შევიდეს პარლამენტში, ამაზე იქნება სხვა რეაქცია.

„მე იმედი მაქვს ეს საჭირო არ გახდება. ჩემი და „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მყარი, რომ საქართველოში არჩევნების იდეის გადარჩენისა და ჩვენი ქვეყნის მომავალში მძიმე ხიფათის აცილებისთვის არის აუცილებელი მყარი პოზიციის დაკავება. „ევროპულმა საქართველომ“ როცა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მივიღეთ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც თან ახლავს ამ პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმს გაუვა არჩევნების გაყალბება, ეს არის ქვეყნისთვის უმძიმესი საფრთხის მომტანი“, – განაცხადა ბოკერიამ.