გიგა ბოკერია - გვსურს, მოლაპარაკებები დასრულდეს ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს
გიგა ბოკერია - გვსურს, მოლაპარაკებები დასრულდეს ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს

მოლაპარაკებები გრძელდება, ძალიან კარგია, რომ დანიელსონი რჩება და მან თქვა, რომ დარჩება კიდევ რამდენიმე დღე. შეიძლება ითქვას, დარჩება იქამდე, ვიდრე შედეგი არ იქნება და მადლობელი ვართ ამისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკერია ამბობს, მათი სურვილია, მოლაპარაკებები დასრულდეს გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა.

„რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, გარკვეული გამოცდილება მაქვს, მაგრამ ისეთი შემთხვევის გამოცდილება, რომ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ეთქვას, კარგად ბრძანდებოდეთ ისე, რომ ჯერ მედიატორის პოზიცია არ ყოფილიყო ცნობილი და შემდეგ გარკვეულიყო, რომ მედიატორი რჩება, ასეთი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს.

ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო – გვინდა, მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.

შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მოწადინებული ვართ, მოლაპარაკებები დასრულდეს შეთანხმებით. ბუნებრივია, ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.