გიგა ბოკერია - გვსურს, გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება საზოგადოების ინტერესების ხარჯზე და იმ ფორმულით, რომ ივანიშვილის ცუდი საქციელის მძევლები ვიყოთ
გიგა ბოკერია - გვსურს, გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება საზოგადოების ინტერესების ხარჯზე და იმ ფორმულით, რომ ივანიშვილის ცუდი საქციელის მძევლები ვიყოთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ნაბიჯებს არ გადადგამს.

ამასთან, ბოკერიას თქმით,  დიპლომატების მონაწილეობით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების ფორმატი შეთანხმების მიღწევის საშუალებაა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია და ეს პოზიცია, ბუნებრივია, არ შეცვლილა. სანამ ივანიშვილი და მისი ბანდა არ გადადგავს იმ ნაბიჯს, რომ უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა, ეს გულისხმობს პირველ რიგში ნაბიჯს საარჩევნო სისტემის პროპორციულ გზაზე დაყენებისა, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქუჩაში, ქვეყნის შიგნით და მათი იზოლაცია ქვეყნის გარეთ. ძალიან სახიფათო იზოლაცია პერსონალურად ივანიშვილისთვის. ამ შეთანხმების მიღწევის გზა არის მოლაპარაკებების ეს ფორმატი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, შეიძლება ითქვას, აიძულეს მმართველი გუნდი, რომ დამსხდარიყვნენ. ვნახოთ, რა პასუხს მოიტანენ. ან ახლა მოიტანენ პასუხს, ან შემდეგ. მანამდე მათი პოლიტიკური წვალება და წნეხი გაგრძელდება. ამიტომ, მე არანაირ პროგნოზებს არ ვაკეთებ. მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის გუნდი, მათი მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება მანამ, სანამ არ მოეგებიან გონს. ჩვენ მოწადინებული ვართ, გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება საზოგადოების ინტერესების ხარჯზე და იმ ფორმულით, რომ ივანიშვილის ცუდი საქციელის მძევლები ვიყოთ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.