გიგა ბოკერია - უკონტროლო ხელისუფლება ხდება პრობლემა, ეს ჩვენმა საკუთარმა წარსულმა გვასწავლა
გიგა ბოკერია - უკონტროლო ხელისუფლება ხდება პრობლემა, ეს ჩვენმა საკუთარმა წარსულმა გვასწავლა

დღევანდელი ხელისუფლება ძალაუფლებას ვერცერთი საარჩევნო სისტემით ვერ შეინარჩუნებს, – ამის შესახებ საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგის მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა.

პროპორციულობისკენ უნდა წავიდეთ, არა იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ისინი ვერცერთ სისტემაში ვერ შეინარჩუნებენ, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და სიტყვა, რომელიც თქვა ივანიშვილმა დაღვრილი სისხლისა და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. აღნიშნული სიტყვა უნდა შესრულდეს და ამ შეურაცხყოფას ვერავინ აიტანს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას – 100/50, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს არ არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას სურს და, რაც იყო დანაპირები.

„ჩვენ გვინდა, რომ არცერთი ხელისუფლება არ იყოს უკონტროლო, უკონტროლო ხელისუფლება ხდება პრობლემა, ეს გვასწავლა წარსულმა, ჩვენმა საკუთარმა წარსულმა. მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი გაგრძელდება და გაგრძელდება საერთაშორისო წნეხიც. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარებული არჩევნებითაც  პირველივე ტურში დამარცხდება.

„ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც ვიქნებით მზად, ვთქვათ, რომ ჩატარდეს ამ სისტემით, ამ სისტემაში მოვახდენთ კოორდინირებას და ხელისუფლება პირველივე ტურში დასრულდება. ეს ნორმალური სცენარი არ არის, ეს არის ძალიან დაძაბული სცენარი და ქვეყნისთვის კარგი არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.