გიგა ბოკერია - გვჭირდება მთავრობა, რომელსაც ექნება გააზრებული სტრატეგია, თანმიმდევრულად და ენერგიულად იმუშავებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე
გვჭირდება მთავრობა, რომელსაც ექნება გააზრებული სტრატეგია და თანმიმდევრულად და ენერგიულად იმუშავებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებებისა და ალიანსის მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„ყველა ამ ტიპის გზავნილი არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ამოცანაა, რომ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც ექნება გააზრებული სტრატეგია და თანმიმდევრულად და ენერგიულად იმუშავებს ამ გზაზე. გამოწვევები ადრეც იყო. ეს არ არის ჩვენი მთავრობის ბრალი, მაგრამ მათი ბრალი ის არის, რომ არ გააჩნიათ არანაირი სტრატეგია უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით და გარეთ ხშირად ამ ამოცანას ხელს უშლის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.