გიგა ბოკერია გიორგი გახარიას მიმართავს - მინდა, გირჩიოთ, ტონი შეიცვალეთ და მოგვისმინეთ, იქნებ, რაღაც გაიგოთ და ნაკლები სისულელე გააკეთოთ
გიგა ბოკერია გიორგი გახარიას მიმართავს - მინდა, გირჩიოთ, ტონი შეიცვალეთ და მოგვისმინეთ, იქნებ, რაღაც გაიგოთ და ნაკლები სისულელე გააკეთოთ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემს და მას შეურაცხყოფს.

„ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან, რომ ჩავარდეთ და შემდეგ ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში და შემდეგ კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? პოლიტიკური პასუხი არ გვაქვს მაგაზე.

დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ეგაა ხომ თქვენი მსოფლმხედველობა? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნება პრობლემა, ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესრიგს ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე იყოთ აქ, ტრიბუნიდან სანამ უმრავლესობაში ხართ. ეგ არის, რაც ქვეყანას გამოადგება, თქვენი აზრით?“,- განაცხადა ბოკერიამ.

მან პრემიერ-მინისტრს ურჩია, ტონი შეიცვალოს და ოპოზიციას მოუსმინოს.

„მე მინდა, გირჩიოთ ერთი რამე. აი, ახლა ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვენ ეს პოპულისტებიო, ხუთ დღეში რომ გახსენით, ახლა მოგვისმინეთ, ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, ტონი შეიცვალეთ, იქნებ რაღაც გაიგოთ, ეგ სისულელეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები, იქნებ, გაიგოთ და რაღაცა ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანას, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს“,- განაცხადა ბოკერიამ.