გიგა ბოკერია - ღლიცინით ცდილობენ იმის გადაფარვას, რომ პარლამენტის რეგლამენტის წესებს პატივს არ სცემენ
გიგა ბოკერია - ღლიცინით ცდილობენ იმის გადაფარვას, რომ პარლამენტის რეგლამენტის წესებს პატივს არ სცემენ

ღლიცინით ცდილობენ იმის გადაფარვას, რომ პარლამენტის რეგლამენტის წესებს პატივს არ სცემენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, პანკისის ხეობაში განვითარებულმა პროცესებმა ხელისუფლების არათანმიმდევრულობა და გაუაზრებლობა კიდევ ერთხელ აჩვენა.

„ეს ერთდროულად დემონსტრირება იყო უძალობისა და უსამართლობის. მეორე საკითხია, მათი დამოკიდებულება მათივე დადგენილი წესების მიმართ. ზარ-ზეიმით გაგვაცნეს, როგორი რეგლამენტი მივიღეთ, რომ პარლამენტში მინისტრები მოვლენ. ეს იმ ფონზე, როცა ფრაქციებს მინისტრების დაბარების უფლება წაგვართვეს და ეს უფლება კომიტეტებს მისცენ. პირველივე წინააღმდეგობაზე, სადაც რთული კითხვები უნდა დაისვას, ღლიცინით ცდილობენ იმის გადაფარვას, რომ წესებს პატივს არ სცემენ. ბიძინა ივანიშვილის მთელი გუნდის ხელწერაა, რომ სადაც გაუჭირდებათ და როგორც წესი, უჭირთ ხოლმე, იქ თავიანთ დადგენილ წესებს პატივს არ სცემენ. თუ მთავრობა საკუთარ დადგენილ წესებს პატივს არ სცემს, როგორ უნდა მოსთხოვოს მოქალაქეებს რამის დაცვა? პოლიციელებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქმეს რა ვითარებამდე მიიყვანს და რა გზავნილი ექნება. თუ გზავნილი გაქვს, რომ სადაც დიდი წინააღმდეგობა შეგხვდება, თურმე არ ყოფილა, მაშინ საერთოდ რატომ იმოქმედეს და პოლიციელები საფრთხეში რატომ ჩააგდეს? ჯერ ფიქრობ, შემდეგ მოქმედებ და არა, პირიქით”, – განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველო” შს მინისტრს, გიორგი გახარიას საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში იბარებს. განსახილველი საკითხი პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. ოპოზიცია ინტერესდება, რატომ გახდა საჭირო პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა.

რეგლამენტის ფარგლებში, გიორგი გახარია პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფორმატში 3 მაისს აპირებს მისვლას.