გიგა ბოკერია - გერმანული სააგენტოს თანამშრომელი იმ პრობლემის გამო დააკავეს, რაც სასამართლოში და სპეცსამსახურებში იყო
გიგა ბოკერია - გერმანული სააგენტოს თანამშრომელი იმ პრობლემის გამო დააკავეს, რაც სასამართლოში და სპეცსამსახურებში იყო

ნებისმიერი რეპუტაციის მქონე სააგენტოს ქვეშ შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვინც ჯაშუშობას ეწევა, მაგრამ გერმანული ფოტოსააგენტოს თანამშრომლის დაკავება იმ პრობლემის გამოვლინება იყო, რაც სასამართლოში და სპეცსამსახურებში არსებობდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა. მან უპასუხა ირაკლი აბსანძის შეკითხვას, სჯეროდა თუ არა, რომ European Pressphoto Agency (EPA) უცხო ქვეყნის საფარქვეშ მოქმედი ჯაშუშური ქსელი იყო და 2011 წელს ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად, წამყვანი გერმანული ფოტოსააგენტოს თანამშრომლის დაკავება იყო თუ არა სამართალდამცავი სტრუქტურების კომპეტენციის არქონის გამოვლინება.

„ეს ნებისმიერ სპეცსამსახურს ახასიათებს, რომ ლეგიტიმური ამოცანების ქონის შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კონტროლის ქვეშ არ არიან, შეთქმულების თეორიები თვითონ ემართებათ. ეს სუსტი საქმე გახლდათ, წაყენებული ბრალდება მტკიცებულებებით გამაგრებული არ იყო და ამ ყველაფერმა საზოგადოებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის რეაქცია გამოიწვია. საბოლოო ჯამში, იმის გამო, რომ საქმე სუსტი იყო, ეს ხალხი საპროცესო შეთანხმებით სწრაფადვე გამოვიდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ბრალდება კონკრეტულ ადამიანებს უკავშირდებოდა და არა EPA–ს ჯაშუშურ ქსელობას.

ირაკლი აბსანძემ გადაცემის სტუმარს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და აფგან მუხთარლის ქეისებთან დაკავშირებითაც ჰკითხა. შეკითხვაზე, გადაწყვეტილების მიღება რომ შეეძლოს, როგორ გამოიყვანდა გიგა ბოკერია ქვეყანას შექმნილი მდგომარეობიდან, როცა ერთი მხრივ, არსებობს სტრატეგიული პარტნიორების ინტერესი და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები. გიგა ბოკერიამ თქვა, რომ არ შეიძლება მოხდეს ის, რაც მუხთარლის შემთხვევაში მოხდა.

„თუნდაც სტრატეგიული პარტნიორის ლეგიტიმური, ან არალეგიტიმური ინტერესის გამო, არ შეიძლება, შენს ქვეყანაში შენი სპეცსამსახურები კაცს იტაცებდნენ და აქრობდნენ. აბსოლუტურად შესაძლებელია, ქვეყანამ, რომელიც ვითარებას წინასწარ სწორად დაგეგმავს, ასეთი არჩევანის წინაშე არც აღმოჩნდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.