გიგა ბოკერია - განათლებაში რომ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ყველა მთავრობის ბრალია, რაც კი გვყოლია
განათლებაში რომ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ყველა მთავრობის ბრალია, რაც კი გვყოლია, – განაცხადა ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„დღეს რომ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ყველა მთავრობის ბრალია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვყოლია. საბჭოთა სისტემაზე არც ვლაპარაკობ. ის ჩვენი ქვეყანა არ იყო. რეფორმა, რომელიც 2005 წელს დაიწყო, მეტი კონკურენციის შემოტანა, ანუ, ვაუჩერების სისტემა, ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და ახლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“,- განაცხადა ბოკერიამ.
ამ განცხადებით გიგა ბოკერიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რომელი მთავრობის განათლების სისტემის შედეგია ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საატესტატო გამოცდების შედეგები თითქმის, ყოველ წელს უარესდება და იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილ აპლიკანტთა რაოდენობა.
მისი თქმით, მთავარი საკითხი არის მშობლებისთვის არჩევანის და სკოლებისთვის კონკურენციის საშუალების მიცემა, რაც დღეს არ არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაუჩერები შემოვიდა, თუ სკოლა წარმატებულია, დღეს მთავრობა ფულის ნაწილს ართმევს და არ აძლევს საშუალებას, იყოს ინტერესი, რომ ეს სკოლა იყოს წარმატებული. მაგალითად, თბილისში, სადაც თქვენი, ჩემი და სხვისი შვილები სკოლაში ერთი და იმავე თანხად წავლენ, როგორც კი სკოლა წარმატებულია, მთავრობა ამ ფულს აჭრის და სხვებს აძლევს. ანუ, ჩემი და თქვენი არჩევანი ნიველირებულია. ამიტომ, საუბარი ვერ იქნება იმაზე, რომ აქ მეტი დოვლათი გაჩნდება და სადღაც წარმატებული სკოლა იქნება, სადაც მივა ახალი მასწავლებელი მეტი ხელფასით და ყველა სკოლის ადმინისტრაციას ექნება განცდა, რომ ის მშობლის არჩევანზეა დამოკიდებული და არა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკურად ვის მხარეზეა, რომ დირექტორი დაინიშნოს“, – განაცხადა ბოკერიამ.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, კონკურენციის გაჩენა განათლების სისტემაში უკეთეს ხარისხს მოგვცემს.
„კონკურენციის გაჩენა მოგვცემს მეტ ძალაუფლებას თქვენთვის და ჩემთვის, რომ ჩვენს შვილებს განათლება მივცეთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, საშუალო განათლებაში მინიმალური სტანდარტის შემოწმების ვალდებულება მთავრობას დარჩება, რადგან „საქმე ბავშვებს ეხება და ბავშვები მშობლების ნივთები არ არიან, მაგრამ არ შეიძლება ბიუროკრატისთვის იმის მინდობა, რომელი სკოლაა უკეთესი“.
„ახლა ასეა, წარმატება ისჯება“, – განაცხადა ბოკერიამ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ არის „ევროპული საქართველოს“ პროგრამაში განათლებაში მინიმალური სტანდარტის დაწესება, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს პარტიის პროგრამაში არის.
„ცდებით. ეტყობა, თქვენ არ გინახავთ. აშკარად გამოგეპარათ. ეს ჩვენ პროგრამაში არის, განსხვავებით უმაღლესი განათლებისგან, სადაც მთავრობას საერთოდ არაფერი ესაქმება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.