გიგა ბოკერია - „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხ პროცესებზე, რომელიც ეკონომიკისა და პანდემიის გამოწვევის ფონზე უნდა განხორციელდეს
გიგა ბოკერია - „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხ პროცესებზე, რომელიც ეკონომიკისა და პანდემიის გამოწვევის ფონზე უნდა განხორციელდეს

„ევროპული საქართველოს“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღისთვის არ მოემზადა და სათანადო ნაბიჯები არ გადადგა. ამის შესახებ ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა „ევროპულ საქართველოს“ აქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხ პროცესებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს პანდემიისა და ეკონომიკის გამოწვევის ფონზე.

„გუშინ მოვისმინეთ დაჟინებული განცხადება ივანიშვილის გარემოცვიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური კლოუნის – კობახიძის, რომ არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს ქვეყნის კვლავ იმავე ფორმით ჩაკეტვას. ამ ხალხის, ყველა სპიკერის, ივანიშვილის სიტყვის ფასი ვიცით. „ევროპული საქართველოს“ მონაცემებით, ისინი არც მოემზადნენ მეორე ტალღისთვის და არანაირი ნაბიჯები არ გადადგეს მაშინ, როცა ქვეყანა ჩაკეტილი ჰქონდათ და როცა ეკონომიკური ზიანი მიაყენეს ყველა ოჯახს საქართველოში. რეალურად, ისინი განიხილავენ ქვეყნის ისევ იმ გაუაზრებელ ჩაკეტვას, რომელიც ამ მთავრობის პირობებში, პანდემიის ფონზე არათუ არ მოუტანს არანაირ შვებას ქვეყანას, რადგან ვნახეთ, როგორ გამოიყენეს ლოკდაუნი, არაფერი არ გააკეთეს, არამედ უზარმაზარი და უმძიმესი დარტყმა იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი საშუალო კლასისთვის და გაჭირვებულებისთვის.

აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ამ თემაზე ივანიშვილის რეჟიმის ლიდერებს, არც თვითონ არაფორმალურ ლიდერს, ქვეყნის მმართველს, არც მის პოლიტიკურ ეფექტ „თოჯინას“ დებატებში ჩვენთან მონაწილეობა არ მიუღია და არც ხედვა დაუდიათ, იმ შემთხვევაში, თუ დარჩებიან ხელისუფლებაში, რა ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით. უბრალოდ, იგნორირებას აკეთებენ ამ უზარმაზარი გამოწვევის, რომელსაც ეკონომიკური ვარდნა და პანდემია ჰქვია. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ – ჩვენს მთავარ კონკურენტს ოპოზიციის შიგნით, არცერთ დებატებში არ მიუღიათ მონაწილეობა ამ თემასთან დაკავშირებით. საერთოდ, ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ დებატებში მონაწილეობაზე თქვა უარი. ახლაც არ არის გვიან, ჩვენ – „ევროპულ საქართველოს“, გვაქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხ პროცესებზე, რაც უნდა მოხდეს პანდემიისა და ეკონომიკის გამოწვევის ფონზე. მზად ვართ ამ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა და ეს სჭირდება არჩევნებამდე თუნდაც რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებას, რომ იცოდეს როგორც დღევანდელი კატასტროფის შემომყვანის – ივანიშვილის გუნდის ხედვა, ისე სააკაშვილის და მისი ლიდერების, რომლებიც წარსულში იყურებიან, და ცალკე „ევროპული საქართველოსი“. საზოგადოებამ უნდა იხილოს, რა ნაბიჯებს სთავაზობს მას პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა ასეთი გამოწვევის დროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.