გიგა ბოკერია - ევროკავშირის ანგარიშში დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ ძალიან ამომწურავად არის საუბარი პრობლემების უდიდეს ნაწილზე
გიგა ბოკერია - ევროკავშირის ანგარიშში დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ ძალიან ამომწურავად არის საუბარი პრობლემების უდიდეს ნაწილზე

ევროკავშირის დოკუმენტში დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ ძალიან ამომწურავად, პრობლემების უდიდეს ნაწილზე არის საუბარი, დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი გამოწვევით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ევროკავშირის ანგარიში შეაფასა, რომელშიც საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხზეა საუბარი.

მისი თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, როგორი პრობლემატური იყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი და როგორ იყო იგნორირებული რეკომენდაციები, ასევე – როგორ მიმდინარეობს ახალი მედიასაშუალებების მეპატრონეებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ანგარიშში ასევე საუბარია უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის საქმეების გამოუძიებლობის შესახებ.

მისივე თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა რჩება სახიფათო ზონაში და შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ შეიძლება, დააზიანოს ქვეყნის ეკონომიკა.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან მადლიერნი ვართ ჩვენი ყველა მოკავშირის, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ხელისუფლების წარმომადგენლები გონს უნდა მოეგონ და საქართველოს ყველა მეგობრისგან მიიღონ ის გზავნილი, რომ 2020 წელი იქნება საკვანძო და გარდამტეხი.

იმის თქმა, რომ ამ რეპორტში ყველაფერი კარგად არის, საქართველოს მიესალმებიან, მხარს უჭერენ და იძახიან, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ და ასე შემდეგ – ამ დიპლომატიური ნაწილის გამოტანა წინ და არ ხსენება იმის, რამდენ პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული, სამარცხვინო ამბავია და არ შველის არაფერს. პირიქით, იმის სიმპტომია, როგორ ღრმა კრიზისშია ივანიშვილი და მისი გარემოცვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.