გიგა ბოკერია - ძალიან ვწუხვარ, რომ გიგიმ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან
გიგა ბოკერია - ძალიან ვწუხვარ, რომ გიგიმ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან

ძალიან ვწუხვარ, რომ გიგიმ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ყოფილი თანაგუნდელის, გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, პარტიიდან აქამდეც წასულან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც მსგავსი ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებიათ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ გიგიმ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან. მაგრამ მინდა, ისევე, როგორც ყველა სხვას, მას კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის. პატივს ვცემ მათ არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქრთველოსა“ და ამ გუნდის ფასეულობების თანხვედრაში იქნება. ყოფილა იქამდეც, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, ამ ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებია. ელენე ხოშტარია წავიდა, თავის გზაზე დადგა, მაგრამ ასეთი უსიამოვნო კომენტარი მისგან არ მომისმენია. დღეს ის არის ჩემთვის პარტნიორი, არა მხოლოდ მეგობარი, არამედ ღირებულებათა მნიშვნელოვან ნაწილში პარტნიორი. მე ვისურვებდი, რომ ყველა ასე იყოს, ვინც დღეს რამე სხვა გზა აირჩია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგი უგულავამ დღეს სოციალურ ქსელში პარტია „ევროპულ საქართველოს“ დატოვების შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“.