გიგა ბოკერია - ჟურნალისტები ახალი ამბების მოთხრობისას პოლიტიკურ პოზიციას არ უნდა გამოხატავდნენ
გიგა ბოკერია - ჟურნალისტები ახალი ამბების მოთხრობისას პოლიტიკურ პოზიციას არ უნდა გამოხატავდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები ახალი ამბების მოთხრობისას პოლიტიკურ პოზიციას არ უნდა გამოხატავდნენ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში განაცხადა.

„თქვენ ბრძანეთ, რომ გახარიას განცხადება შესაძლოა, ადასტურებდეს, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანი იყო მელიას დაკავება-არდაკავების საკითხი. გავბედავდი, თქვენ ჟურნალისტი ხართ, მე პოლიტიკოსი – შესაძლოა კი არა, პირდაპირ ადასტურებს ამას. ისედაც ვიცოდით, მაგრამ დაადასტურა, რომ ეს იყო დისკუსიის საგანი“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ამავე საკითხზე საუბრისას დიანა ტრაპაიძემ თქვა, რომ ეს არის ვერსია და გუნდი სხვა რამეზე საუბრობს, ის კი არ მიეკუთვნება იმ ჟურნალისტთა რიგს, რომლებიც პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევიან.

„მინდა, დავადასტურო ამ მიდგომის მიმართ პატივისცემა. მეც ვთვლი, რომ ჟურნალისტები, სარედაქციო პოზიციის გამოვლინება თუ არ არ ხდება, ახალი ამბების მოთხრობისას პოლიტიკურ პოზიციას არ უნდა გამოხატავდნენ, სარედაქციო პოზიციის გამოხატვისას – კი. მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვციტირებთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ციტატა იყო, რომ ვადებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და ეს პოლიტიკური საკითხია“, – უთხრა გიგა ბოკერიამ გადაცემის წამყვანს.