გიგა ბოკერია - დიალოგის სივრცე იქნება, როცა ხელისუფლებას აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტითა და წნეხით
გიგა ბოკერია - დიალოგის სივრცე იქნება, როცა ხელისუფლებას აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტითა და წნეხით

რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც, მისი აზრით ოპონენტია, უნდა განადგურდეს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, ღარიბაშვილის სიტყვები იმ დრომდე იქნება არასერიოზული, ვიდრე პრემიერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და არჩევნების ვადებზე არ ისაუბრებს.

„ეს არის სიტყვების რაღაც სროლა. რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც, მისი აზრით, ოპონენტია, ის უნდა განადგურდეს. აზრზე რომ მოვა რეალურად და პოლიტპატიმრების განთავისუფლებასა და არჩევნების ვადებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი, იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზულია. როცა უკვე, ბევრჯერ გავიმეორე ეს და შეიძლება გაცვდა, მაგრამ იმდენად კარგი ფილმია, ოღონდ ის კარგი ფილმია და სასაცილოა და ჩვენი რეალობა საშიშია ქვეყნისთვის, მარსი გვიტევს, რომ ჩამოდიან და იძახიან, რომ ჩვენ მშვიდობით მოვედით და მეორე ხელით კლავენ ხალხს. ღარიბაშვილის ეს განცხადება არის ეს, ჩვენ გვესმის ძალიან სახიფათო, პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი კომენტარები, სუვერენული დემოკრატიის, რომ არ გვაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ, ეს სახიფათო გზაა, ეს გზა გაიარა იანუკოვიჩმაც თავის დროზე, საქართველოში ასლან აბაშიძემ, ამიტომ, ეს საშიში გზა არის და ამ საშიშ გზაზე ქართულ საზოგადოებას აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი, არ დაუშვას გამარჯვება და ამ სტაგნაციისა და ჭაობის გამარჯვება. ამაში დაგვეხმარება ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სხვადასხვა დოზით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება დიალოგს, ბოკერიას თქმით, იმ ფონზე, როცა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მის ოფისში დააკავეს, დიალოგის სივრცე იქნება, როდესაც ხელისუფლება „აზრზე მოვა“ საზოგადოებრივი პროტესტით, წნეხით და საქციებით.

„რას ნიშნავს დიალოგის სივრცე, დღეს დაიჭირეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მის ოფისში, ცინიკური საბაბით – შტურმით, ამ ფონზე დიალოგის სივრცე იქნება, როცა აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტით და საზოგადოებრივი წნეხით და დიახ, საფრთხით, იმ სანქციებით, რაც დაემუქრება ივანიშვილს, საფრთხით და არა აუცილებლად ეგრევე დამყარებით. აზრზე რომ მოვლენ, მერე სივრცე, რა თქმა უნდა, დიალოგით უნდა მოხდეს, უტრირებული მაგალითები რომ მოვიყვანოთ, რადგან კომუნისტური რეჟიმები მაინც განსაკუთრებული ბოროტებაა, პოლონეთში სოლიდარობა, მოელაპარაკა კომპარტიის რეჟიმს, რომ მათ მშვიდობიანად დათმეს ხელისუფლება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას განცხადებით, დიალოგში ულტიმატუმი ფიქრობს, რომ იქნება შედეგის მომტანი.

„მე ასე არ ვხედავ, არის ქართული საზოგადოება და მისი ნაწილი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც იცავს თავის უფლებას რომ აირჩიოს და ჰყავდეს ის მთავრობა, რომელსა უჭერს მხარს და ჰქონდეს ისეთი ცხოვრების წესი, სადაც არც ერთ ოლიგარქს არ შეუძლია, რომ გადაწყვიტოს, რომ ამას დავიჭერ და უნდა ისეთი ქვეყანა, სადაც 20 ივნისის სამარცხვინო ღამის შემდეგ დაისჯებიან ისინი, ვინც მშვიდობიან ნაწილს ესროდა და თვალები დათხარა და პოლიტიკურად დაისჯებიან ისინი, ვინც საქართველოს მტერი ჩამოიყვანა ქვეყანაში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასვა და არა ისინი, ვინც ეს გააპროტესტა. ეს არის შეუთავსებელი პოზიციები, ოღონდ ჩვენ მათ ვაიძულებთ, რომ ეს მათ მიიღონ, რადგან სხვა ალტერნატივა ამ ქვეყნის წინსვლას არ აქვს და ამ საქმეში მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, სხვადასხვა დოზით თავისუფალი სამყაროს ყველა წარმომადგენელი ქართველ ხალხს, მათ მორალურ და პრაგმატულ ინტერესს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გახსნან გულწრფელი დიალოგი, ისაუბრონ არა იმაზე, რა ყოფთ, არამედ რამ უნდა გააერთიანოთ“.