გიგა ბოკერია - დიალოგია საჭირო ასეთი კრიზისის დროს, ოღონდ ის შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა სხვა თემაზე
გიგა ბოკერია - დიალოგია საჭირო ასეთი კრიზისის დროს, ოღონდ ის შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა სხვა თემაზე

დიალოგია საჭირო ასეთი კრიზისის დროს, ოღონდ ის შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა სხვა თემაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ბოკერიას თქმით, როგორც „ევროპული საქართველო“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიები, მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა მისივე თქმით, დიალოგის მთავარი საკითხი უნდა იყოს არჩევნები, „მისი სამარცხვინო შედეგები და ხელახალი არჩევნების ნორმალურად ჩატარება“.

„ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის მთელმა წლებმა კრიზისი გამოიწვია, თუმცა ამის კულმინაცია არჩევნები იყო. ამიტომ, დიალოგი აბსოლუტურად ნორმალური რამეა და ოპოზიციამ მთლიანად, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“, თქვა, რომ დიახ, დიალოგია საჭირო ასეთი კრიზისის დროს, ოღონდ შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა სხვა თემაზე.

მთავარი საკითხი, რომლის შიგნითაც ბევრი ქვესაკითხია, არის ეს არჩევნები და მისი სამარცხვინო შედეგები, მისი გაუქმება და ხელახალი არჩევნების ნორმალურად ჩატარება. დიალოგისთვის ამ საკითხზე მზად ვართ“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე და მზად არიან, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დასხდნენ მაგიდასთან.