გიგა ბოკერია - დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები
გიგა ბოკერია - დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება და რომ პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„კარგი, ჩვენ ძალიან ცუდები ვართ. ახლა მთავრობაში არიან რვა წელია, რას აკეთებენ, რათა შეამცირონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დევნა რუსებისგან, ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა. თვითონ ხომ გვეუბნებოდნენ აქამდე, ვცდილობთ საერთაშორისო ზეწოლას, ოღონდ ჭკვიანურადო და დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება. გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები. ანუ ივანიშვილის გუნდისგან გამჭვირვალობის პირდაპირ ახალ დონეზე გავედით, რომ არ ცდილობენ, რუსეთს ჰქონდეს რამე საერთაშორისო ტკივილი, რომ ჩვენ ნაკლები ტკივილი მოგვაყენოს, ხომ ეს არის ლოგიკა.

ღიად გამოაცხადეს მძევლებად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. მართალია, მათი რიცხვი ძალიან შემცირდა, მაგრამ ღიად მძევლებად გამოაცხადეს. პირდაპირ თქვეს, ჩვენ არაფერს ვიზამთ, რომ მერე იმ ხალხს არ ავნონ. უნდა ვიცოდეთ, ტერორისტებთან მოლაპარაკებებში იმიტომ არ შედიან, რომ ამით წახალისება ხდება შემდგომი ტერორიზმის. როგორც კი მთავრობა ამას აცხადებს, რომ მე არ ვავნებ რუსეთს, რომ იქ ჩვენ ქართული წარმოშობისა და საქართველოს მოქალაქეებს რამე არ უქნას, ეს არის დაპატიჟება რუსეთის ფედერაციის, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოს. ომზე კი არ არის ლაპარაკი, ომზე საერთოდ არ არის საუბარი, ეს მათი პროპაგანდაა. ტკივილიც არ უნდა შეუქმნან. უკრაინის გამო რომ სანქციები დააკისრეს ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს, უკრაინას მტრობენ ამით? ეს მართლა აბსურდის ახალი დონეა. უკრაინის გამო სანქციებს უჭერენ მხარს, საკუთარმა ქვეყანამ რა დაუშავა?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიამ ანაკლიის პორტის პროექტზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თუ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის შემქმნელებისა და განმახორციელებლების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროექტს ხელს უშლიან.

„თუ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის შემქმნელების და განმახორციელებლების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო ივანიშვილის საჯარო განცხადებებით, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რომ ამ პროექტს ხელს უშლიან. და რატომ უშლიან? უკვე ვხედავთ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საკითხში რუსული გავლენაა, და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ეჭვიანობა ნებისმიერი პროექტის მიმართ, რომელიც არ არის მისი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.