გიგა ბოკერია - დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრამდე ჩვენი ამოცანაა, კრიზისის დაწყებამდე არსებული სტატუს კვო აღდგეს
გიგა ბოკერია - დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრამდე ჩვენი ამოცანაა, კრიზისის დაწყებამდე არსებული სტატუს კვო აღდგეს

დავით გარეჯის ისტორიული კომპლექსი არის საქართველოს, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და ის, რომ იქ საზღვართან დაკავშირებით არის პრობლემა არის მემკვიდრეობა საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის. ეს არ არის არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პატრიოტთა ალიანსის მიერ საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის დაბარებასაც გამოეხმაურა.

„ყველა ის ძალა, რომელიც ამ მართლა სერიოზული პრობლემის გამო ცდილობს შუღლის გაღვივებას საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, ან მით უმეტეს ქვეყნის შიგნით მცხოვრები ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელების მიმართ შუღლის გაღვივებას, ის არის საქართველოს მტერი. სამწუხაროა, რომ ყველა ის პოლიტიკური ძალა, „პატრიოტთა ალიანსი“, რომლებიც ამას აკეთებენ, არიან დალინკული პირდაპირ ივანიშვილის მთავრობასთან, ეს არის პარადოქსი“, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზას, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ეროვნული ამოცანაა, რომ მანამ, სანამ ამ მონაკვეთზე საზღვარი არ არის დადგენილი, „მანამდე იყოს დე ფაქტო სტატუს კვო, რომელიც იყო იქამდე, სანამ ეს ბოლო კრიზისი დაიწყებოდა.“

„რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მანამ, სანამ ამ მონაკვეთზე საზღვარი არ არის დადგენილი და ჩვენი ინტერესია, ეს მოხდეს ისე, რომ ეს ისტორიული კომპლექსი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, დიდი ნაწილი ისედაც ასეა, მცირე ნაწილზეა საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანზე. სანამ ეს საკითხი გადაიჭრება, მანამდე იყოს დე ფაქტო სტატუს კვო, რომელიც იყო იქამდე, სანამ ეს ბოლო კრიზისი დაიწყებოდა, როცა იქ სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს არ ჰქონდათ მისვლის პრობლემა. ყველამ ვიცით, როგორ შეიქმნა ეს ბოლო კრიზისი – დღევანდელი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის და განსაკუთრებით ერთის უპასუხისმგებლო და ბრიყვული გადაწყვეტილებებით. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან მიღწეულ იქნას გადაწყვეტილება ამ სტატუს კვოს სრულფასოვან აღდგენაზე და გაგრძელდეს მოლაპარაკებები იმაზე, როგორ გადაწყდეს საბოლოოდ ეს პრობლემა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი მტრული კამპანიის გარეშე, რომელსაც ეწევიან ივანიშვილთან დაკავშირებული პარტიები,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.