გიგა ბოკერია - დანაშაულებრივი პოლიტიკური შეცდომაა ყველა მცდელობა, რომ ამა თუ იმ ფორმით იქცე რეჟიმის დეკორაციად
გიგა ბოკერია - დანაშაულებრივი პოლიტიკური შეცდომაა ყველა მცდელობა, რომ ამა თუ იმ ფორმით იქცე რეჟიმის დეკორაციად

ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ რეჟიმს არ აქვს დემოკრატიის მანდატი, ის არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. რეჟიმი უნდა იყოს მორალურ იზოლაციაში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეს შეეხება ამ ვიზიტსაც და ყველაფერს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთიანი პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით განხილვაც კი თავის მოტყუება ან თავის გამოჩენის სურვილია.

„ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულება ცნობილია. ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ რეჟიმს არ აქვს დემოკრატიული მანდატი უმრავლესობის, ის არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ამასთან ერთად, რაც დრამატულად სახიფათოა, საარჩევნო თვალსაზრისით, არალეგიტიმური ხელისუფლება ფუნდამენტურ საკითხებში არის კოლაბორაციონისტურ-პუტინისტური პოლიტიკის გამტარებელი, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც ასე ვთვლით, მათთვის საერთოდ არ უნდა არსებობდეს კითხვა, გვინდა თუ არა ბრჭყალებში, თანამშრომლობა ამ რეჟიმთან, რადგან ლოგიკურად შეუძლებელი ამბავია, თუ მიგაჩნია, რომ ეს არის პუტინისტური, კოლაბორაციონისტური რეჟიმი და ფორმალურად „ნაცმოძრაობაც“, „ლელოც“, სხვებიც ხშირად ჩვენზე რადიკალურ ტერმინებს ხმარობენ. მაგალითად, მათი პარტიული ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი პუტინის პირადი პატიმარია – ეს არის ფრაზა „ნაციონალური მოძრაობის“, ამის შემდეგ საერთოდ განხილვა, რომ მოდი, ახლა ერთიანი პოზიცია დავაფიქსიროთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არის ან თავის მოტყუება, ან უბრალოდ თავის გამოჩენის სურვილი მოკლევადიანად.

ეს რეჟიმი უნდა იყოს მორალურ იზოლაციაში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეს შეეხება ამ ვიზიტსაც და ყველაფერს, რადგან მთავარი კითხვა, რაც უნდა დაისვას, არის შემდეგი. რაღაც ვითარებაში – საერთაშორისო წნეხის, კონიუქტურის ან საზოგადოებრივი აზრის გამო რომც აიძულო დღევანდელი რეჟიმი, რაღაცაში ნაკლებად საზიანო ნაბიჯი გადადგას, რაც თავისთავად ნორმალურია, ახლა რომც ჩავიდნენ და როგორც ამბობენ, ჩადიან, ეს ხომ არ ცვლის ბუნებას და არსს ივანიშვილის რეჟიმის. უზნეო, მორალური, პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასია პაპუაშვილის პოზიცია, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ბუჩაში ჩასვლაზე ვაჭრობა დაიწყეს, ჩვენ ის არ მოგვწონს თქვენ რაც ქენითო. ვინმეს ილუზია აქვს ოპოზიციიდან, რომ ასეთი ცვლილებით ისინი მიაღწევენ ქვეყნის კურსის არსებითად შეცვლას? რა თქმა უნდა, არა. აქედან გამომდინარე, ყველა მცდელობა, რომ ამა თუ იმ ფორმით დეკორაციად იქცე პუტინისტური, კოლაბორაციონისტური რეჟიმის, არის საზიანო, დანაშაულებრივი პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.