გიგა ბოკერია - დახურულ სხდომაზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქებასა და მადლობებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ
ერთადერთი დადებითი მხარე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის დახურვას ჰქონდა, ის არის, რომ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქებასა და მადლობებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ და კრიტიკულ კითხვებზე ემოციურად ნაკლებად რეაგირებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა.
დეპუტატის თმით, სხდომაზე მსჯელობა ყველა საჯარო საკითხზე მიმდინარეობს.
„ჩვენი წუხილია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსები მინიმუმ ოპოზიციის თვალთვალზე იხარჯება, იმის ნაცვლად, რომ იხარჯებოდეს რეალურ საფრთხეებზე, რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საქმიანობასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ასევე ექსტრემიზმს.
პანკისის ხეობაზეც ვისაუბრეთ, პასუხების ნაწილი საჯარო არ უნდა იყოს, მაგრამ „ქართული ოცნების” კითხვების 99 პროცენტი ერთის გარდა, ისეთი იყო, რასაც დახურვა არ სჭირდებოდა. ჩვენ ისეთი კითხვები გვქონდა, რომლის ნაწილი დახურვას მოითხოვდა, ისეთიც, რაც საჯარო პოლიტიკის დისკუსიის საკითხია. პანკისის ხეობის დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ჯერ რეაქცია დაგვიანდა ექსტრემისტების ქსელის ამბავზე, რასაც შემდეგ დაკავებები მოჰყვა. ახლა საფრთხე ორივე მხრიდან გვაქვს; საფრთხე ექსტრემისტებისა და გავლენის მოპოვების მცდელობის თვალსაზრისით. ხელისუფლების იქ ყოფნა არ იგრძნობა, როგორც მოთამაშის სუვერენულ ქვეყანაში. ეშინოდათ საჯარო დისკუსიის საჯარო საკითხებზე“, – განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, გიგა ბოკერიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ არის ჯგუფი, რომელიც ქვეყანას პრობლემებს უქმნის და ის „ქართული ოცნების“ მოკავშირეა.
„სუს-ის წარმომადგენელი ყველას ლეგიტიმურად მოუწოდებს, რომ დავით გარეჯის გარშემო არსებულ სიტუაციაზე პროვოკატორებს საშუალება არ უნდა მივცეთ, ქვეყანა პრობლემაში ჩაითრიონ და ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ, მეგობრულ ქვეყანასთან შუღლი გააღვივონ. ვიცით, ამ თვალსაზრისით სოციალურ ქსელებში ვინ აქტიურობს. ვინც ამას აკეთებს, „ქართული ოცნების“ პირდაპირი ან ირიბი მოკავშირეა. ბუნებრივია, ამაზე კრიტიკული პოზიცია სუს-ის ხელმძღვანელის მიმართ არის, თუმცა პირდაპირი პასუხისმგებელი ის არ არის.
„ქართულ ოცნებას“ შავრაზმული ძალები ჰყავს, რომელიც ამ სიძულვილს აღვივებენ და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. ამ ადამიანებს არჩევნებში საკუთარი ამოცანებისთვის იყენებენ. შემდეგ, როცა საფრთხე დგება, უცებ, მორალის კითხვას იწყებენ, მათ შორის, სწორი პოზიციიდან. ამ შემთხვევაში, დავით გარეჯზე, რომ სიტუაცია არ უნდა გავამწვავოთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. საკითხები არის, რაც პოლიტიკური დისკუსიის საკითხი უნდა იყოს. კერძოდ, მმართველი გუნდი რატომ უჭერს მხარს და სუს-ი როგორ აფასებს იმას, რომ ჯგუფები, რომლებიც ქვეყანას პრობლემას უქმნიან, არიან მმართველი გუნდის მოკავშირეები. დიახ, ეს არის – „პატრიოტთა ალიანსი“, – განაცხადა ბოკერიამ.