გიგა ბოკერია - ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მეტი არაფერი ვიცი, ასეთ რამეზე ბრალდებების სროლა არ მიყვარს
გიგა ბოკერია - ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მეტი არაფერი ვიცი, ასეთ რამეზე ბრალდებების სროლა არ მიყვარს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას უსურვებს და მომხდარზე სხვა კომენტარისგან თავს იკავებს.

მისი თქმით, წინასწარი ვარაუდების გამოთქმა და ხელის გაშვერა სწორი არ იქნება.

„მინდა, მას გამოჯანმრთელება ვუსურვო და ოჯახს ვუსურვო ყველაფერი კარგად იყოს. მეტი არაფერი ვიცი. ასეთ რამეზე, არ მიყვარს ბრალდებების სროლა, სანამ არ გავიგებ რამეს. როგორ შეიძლება, უბრალოდ ვარაუდი რომ ვთქვა, ეს უმძიმესი ბრალდება იქნება. სამწუხაროდ, ატმოსფერო ქვეყანაში ისეთია, რომ ვერავინ ვერაფერს გამორიცხავს. ამ ტიპის კლიმატი შექმნა ივანიშვილმა, მაგრამ კონკრეტულად ამ ამბავზე უბრალოდ ხელი რომ გავიშვირო ხელისუფლებისკენ, ასე იქცევა ივანიშვილის გუნდი. ვუსურვებ კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას და ყველაფერს კარგს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ერთი (ტ.ღ.) – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამასთან, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით.