გიგა ბოკერია - ჩვენს ქვეყანას ყოველდღე აყენებენ ზიანს, ამიტომ ამ რეჟიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუსვათ წერტილი
გიგა ბოკერია - ჩვენს ქვეყანას ყოველდღე აყენებენ ზიანს, ამიტომ ამ რეჟიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუსვათ წერტილი

სიძულვილის, სიბინძურის ქადაგება, დაუსჯელობა, პანიკა და შიში ივანიშვილის რეჟიმის, აი, ყველაფრის შედეგად ვიღებთ ძალადობას და უარეს შემთხვევაში პირდაპირ დავალებით ჩადენილ ძალადობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ამ ხელისუფლებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაესვას წერტილი.

„ასეთი შემთხვევები ბევრი გვქონდა, მაგრამ ნაკლებად პრობლემატურ შემთხვევაშიც კი პირდაპირ პასუხისმგებლობაა ივანიშვილის რეჟიმის, რადგან მან დანერგა წლების განმავლობაში ეს კლიმატი, ეს დამოკიდებულება, ეს შიში, ეს სიძულვილი და ეს დაუსჯელობა. რა თქმა უნდა, ამ ხალხმაც უნდა აგოს პასუხი, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი არის ის, ვინც ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო წლების წინ და მერე გაააქტიურებს ხოლმე, როცა უჭირს და პანიკაშია, რომ ძალადობას ჰქონდეს ადგილი. ეს არის მათი თამაში და ამ თამაშში ისინი დამარცხდებიან. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანას ყოველდღე აყენებენ ზიანს, ამიტომ ამ რეჟიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუსვათ წერტილი, სასურველია მშვიდობიანი და პროპორციული არჩევნებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.