გიგა ბოკერია - ჩვენ ყველა მივცემთ ხმას ნაკლოვან, მაგრამ ქვეყნისთვის ფუნდამენტურად საჭირო კონსტიტუციურ პროექტს
გიგა ბოკერია - ჩვენ ყველა მივცემთ ხმას ნაკლოვან, მაგრამ ქვეყნისთვის ფუნდამენტურად საჭირო კონსტიტუციურ პროექტს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, კენჭისყრა აჩვენებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველ გუნში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დადგმულია თუ არა.

ბოკერიას თქმით, დღეს არ არის ვითარება, როცა თუნდაც უმრავლესობის ათი დეპუტატის ხმაზეა დამოკიდებული კონსტიტუციური ცვლილებების მიღება.

„მარჩიელობაში და ვარაუდებში მაინცდამაინც ძლიერი არ ვარ. აგერ იქნება კენჭის ყრა. ჩვენ არ გვაქვს ვითარება, როცა უმრავლესობის ერთ, ორ, სამ, ოთხ და ათ ხმაზეც კი  არის დამოკიდებული ეს ყველაფერი. თუ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის 30, 20 და 40  დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, არავინ მიიღებს ვერსიას, რომ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილება არ არის. ამიტომ, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის პერსონალური ივანიშვილზე და მის გარემოცვაზეც, რომ შეასრულონ ის დაპირება, რაც გააკეთეს საზოგადოების წინაშე, საზოგადოების წნეხით რა დათმობაზეც წავიდნენ, არა ჩვენი ან რომელიმე პარტიის. თუ ამას არ იზამენ, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის კატასტროფა იქნება. ვერავის მოატყუებენ, რომ ვიღაც გადაუხტათ და ამიტომ ვერ გაიტანეს ეს ამბავი. ამიტომ, არც შევდივარ დისკუსიაში, ე.წ ამბოხებულები რამდენად დადგმული, თუ გულწრფელი ამბავია, ან თავისი ადგილისთვის იბრძვიან ცის ქვეშ და დიდი პატრონის მიერ თავს მიტოვებულად გრძნობენ. მთავარია, რომ ამ რამოდენიმე ადამიანის ხმა არ წყვეტს არაფერს“ ,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, იმედი აქვს, მმართველი გუნდი ცვლილებებს არ ჩააგდებს.

„იმედი მაქვს, რომ არ ჩააგდებენ, რადგან ეს მათი  მხრიდან პოლიტიკური მომავლის თვალსაზრისით, კატასტროფა იქნება. ქვეყანას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება ჯერ პირველი მოსმენით, შემდეგ ამ ყველაფრის დასრულება მეორე და მესამე მოსმენით. ივანიშვილი თუ ამას არ იზამს, ძალიან სახიფათო ვითარებას მიიღებს. სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება გადადგმული პოლიტიკური არასტაბილურობისთვის, რომელსაც ისინი ვერ გადაურჩებიან ვერც ერთ შემთხვევაში. ამას რომ ხვდებოდნენ, ამიტომ დათმო ივანიშვილმა, რაც ბევრი დანაშაულებრივი შეცდომის შემდეგ სწორი გადაწყვეტილების იშვიათი შემთხვევა იყო“ ,- განაცხადა ბოკერიამ და აქვე დასძინა, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს.

„ჩვენ მივცემთ ყველა ხმას ამ ნაკლოვან, მაგრამ ქვეყნისთვის ფუნდამენტურად საჭირო პროექტს“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიამ კითხვაზე, გუშინ განვითარებული მოვლენებით ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების რეაქცია ხომ არ შეამოწმა, უპასუხა, რომ „ივანიშვილის შესაძლებლობებზე ასეთი დიდი წარმოდგენა არ აქვს“.

დატოვე კომენტარი