გიგა ბოკერია - ჩვენ მოლაპარაკების მიღწევის ყველა შანსს გამოვიყენებთ
გიგა ბოკერია - ჩვენ მოლაპარაკების მიღწევის ყველა შანსს გამოვიყენებთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღევანდელი მოლაპარაკებები მძიმე და რთული იყო.

თუმცა, მისი თქმით, კარგია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების პროცესში რჩება, რაც კრიზისიდან გამოსვლის შანსს იძლევა.

„ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკების დღე იყო. ანუ, ის, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია არის ძალიან დიდი, დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს ამ პროცესის გაგრძელებით, მისი პოლიტიკური პატრონაჟით და მისი მონაწილეობით, მისი მედიატორის, დანიელსონის მოწვევით.

ის, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ აქ არის და ხვალაც რჩება, ეს არის კარგი, ჩვენი ქვეყნისთვის შანსის მომცემი, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ მოლაპარაკებების შედეგად. მაგრამ, თვითონ მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული და ხვალ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ვერაფერს გეტყვით მეტს, გარდა იმისა, როგორც დავახასიათე.  რთული და მძიმე მოლაპარაკებები იყო და ჩვენ ჯერ შედეგი არ გვაქვს. კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ ფონზე, რომელიც შექმნა საქართველოს ხელისუფლებამ, აგრძელებს პოლიტიკურ ინვესტიციას და დღესაც იყო და ხვალაც იქნება მოლაპარაკებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიას განმარტებით, ამ მომენტისთვის შეთანხმება არ არის, თუმცა ამის შანსი არსებობს.

„იმ მომენტში, როდესაც შედგება შეთანხმება, საზოგადოებაც გაიგებს. ახლა შეთანხმება არ გვაქვს და უფრო მეტიც, იყო მოლაპარაკებების ძალიან მძიმე და რთული დღე. შანსს რომ ვერ ვხედავდეთ, ჯერ ეს ერთიც, ვითარება არ არსებობს, რომ შანსს ვერ ხედავდე, თუ პასუხისმგებლობით უდგება ადამიანი, მოქალაქე ან პოლიტიკოსი ამ პროცესს და ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ვალია, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ბოკერიამ.

აქვე, ბოკერია ამბობს, რომ მოლაპარაკების ყველა შანსს გამოიყენებენ.

„ხვალინდელის ამბავს გავიგებთ ხვალ. ანუ, მე როდესაც  ამ კითხვას მისვამენ, უცნაური გრძნობა მეუფლება ხოლმე, თითქოს კითხვა იმაშია, თუ შეწყდება ეს მოლაპარაკებები, რაღაც შედეგი დგება, ხომ არ ვცდები? როგორ უნდა დადგეს. დღეს არის საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ის განცხადებები, რომელიც გუშინ გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ჩვენ შევაფასეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ანუ ამ მომენტისთვის ისინი მზად არ აღმოჩნდნენ, ეპოვნათ გამოსავალი ოპოზიციასთან, საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად. ხვალაც იქნება მოლაპარაკებები. თუ თქვენ ჩემს პროგნოზს იძახით, შეიძლება თუ არა ასეთი რამ რუტინულად გაგრძელდეს  დიდი ხანი და ვითარება სტატიკური იყოს, ეგ არ მგონია რეალისტური. ჩვენ მოლაპარაკების მიღწევის ყველა შანსს გამოვიყენებთ, სადაც შანსი არსებობს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.