გიგა ბოკერია - ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას დაიწყებს
გიგა ბოკერია - ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას დაიწყებს

ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, ოღონდ ისეთი, რომელიც ამ წამს კი არ დაგვამშვიდებს, რომ კომპრომისი შედგა და მას მერე კიდევ უფრო დიდ პრობლემებს დაგვიტოვებს ქვეყანას, არამედ ისეთი, რომელიც დაიწყებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ დარჩენილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, პოლიტპატიმრების თავისუფლება და ვადამდელ არჩევნებთან მისვლა. ამის გარეშე კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოხდება. თავს მოვიტყუებთ ყველა, ვინც სხვანაირად იტყვის, პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა არის შედეგი ძალიან ღრმა პრობლემის, ნორმალურ ვითარებაში პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ამისთვის მდგომარეობა აქამდე უნდა მივიდეს, ამას სჭირდება ნორმალური არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ჩვენ დიდხანს გვესმოდა, საერთოდ არაფერს განვიხილავთო, მერე იყო ლაპარაკი, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარიც კი მკრეხელობის ტოლფასი იყო, ახლა არალოგიკური და მიუღებელი, მაგრამ რაღაც ტესტი შემოგვთავაზეს, ლოგიკურ ფინალამდე უნდა მივიდეს ეს ყველაფერი, კომპრომისები ჩვენ შეთავაზებული გვაქვს“, – განაცხადა ბოკერიამ.