გიგა ბოკერია - ცალკეული პერსონების დევნაში კი არ არის საქმე, არამედ იმ ატმოსფეროსა და კურსში, რაც აიღეს სამარცხვინო ლიდერმა და კლოუნების ბანდამ
გიგა ბოკერია - ცალკეული პერსონების დევნაში კი არ არის საქმე, არამედ იმ ატმოსფეროსა და კურსში, რაც აიღეს სამარცხვინო ლიდერმა და კლოუნების ბანდამ

ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ძალიან ცუდად, თუ არ მოეგება გონს, არა იმიტომ, რომ ცალკეული პერსონა, მე ან ვინმე არის დევნის ქვეშ, არამედ, საერთო ჯამში, საითაც მიჰყავს ქვეყანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროკურატურაში მისი გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, რომ ცალკეული პერსონების წინააღმდეგ დევნაში, ჩემი ჩათვლით, კი არ არის საქმე, საქმე არის იმ ატმოსფეროში და იმ კურსში, რაც აიღო ამ სამარცხვინო ლიდერმა, ივანიშვილმა და მისი კლოუნების ამ ბანდამ. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოების აღშფოთება მოხდება ცალკეული ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ამა თუ იმ ფორმით დევნით. ჩემამდეც დაწყებული იყო ეს დევნა და ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე ჩემთან არის. უგულავას, მელიას ბრალი აქვთ წაყენებული, ოქრუაშვილი ციხეშია, გავრილოვის ღამის დროს დაკავებულები ციხეში არიან, ეს სიტუაცია უკვე შექმნილია და ახალი არაფერია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის არა ერთი და ორი ადამიანის საკითხია გადამწყვეტი, არამედ გადამწყვეტია, რა გზით მიდის საქართველო, რომელიც მათ პრაგმატულ და პრინციპულ ინტერესებშია.

„ამიტომ გაგრძელდება იზოლაცია და წნეხი ივანიშვილზე და ამიტომ დაასრულებს ძალიან ცუდად, თუ არ მოეგება გონს, არა იმიტომ, რომ ცალკეული პერსონა, მე ან ვინმე არის დევნის ქვეშ, არამედ, საერთო ჯამში, საითაც მიჰყავს ქვეყანა და თან ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ამ მეთოდებით, ამ აღშფოთებით ჩაახშობს. უბრალოდ ზიანს აყენებს დემოკრატიულ ტრადიციას და ამის შედეგად თვითონ დაისჯება ძალიან მწარედ. ქვეყანა მიჰყავს ცუდი და სარისკო გზით. სასამართლოში ვაპირებ მისვლას, რადგან ეს უფრო გამჭირვალეა, დროის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი დაკითხვა ჯერ არ ჩანიშნულა.

კითხვაზე, გამოკითხეს თუ არა აღნიშნულ საქმეზე 2014 წლის შემდეგ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ არ გამოუკითხავთ. მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოს საკმაოდ დიდხნიანი პაუზა ჰქონდა.

„აი, ახლა გაახსენდა ივანიშვილს. ვერ გავიგე, რას მედავებოდნენ, ამოცანა რა იყო მახსოვს. ივანიშვილმა მაშინ საჯაროდ განაცხადა, რომ უნდა დავსჯილიყავი. მაშინ რაღაც საჯარო პუბლიკაციაში მე დამდო პატივი, რომ ეგ აკონტროლებს ამ ყველაფერსო. საუბარი არის „ვაშინგტონ პოსტზე“. იქვე მოაყოლა, მალე დაისჯებაო. მერე იყო დაკითხვა და მერე გაჩერდნენ. როგორც ჩანს, სხვა ლიდერები უფრო პრიორიტეტულები იყვნენ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, კონსულტაციები, რაშიც თანხები იხარჯებოდა საქართველოს დასავლურ კურსს ეხებოდა.

„მხარდაჭერა იმ კურსის, რაც ჰქონდა ქვეყანას, საქართველოს თავისუფალ სამყაროში და მათ შორის აშშ-ან კოორდინაციაში, ინტეგრაცია, ნატო-ში გაწევრიანება, უსაფრთხოება, არაღიარება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მუშაობა – ეს იყი ჩვენი პრიორიტეტი ყოვეკთვის და ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართული იყო ამისკენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველო“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. მათივე ინფორმაციით, გიგა ბოკერიამ პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, ამიტომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.