გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, სიტყვის გატეხის ცუდი გამოცდილება გვაქვს
გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, სიტყვის გატეხის ცუდი გამოცდილება გვაქვს

საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები ვიყავით საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგაც და „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების ცუდი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კითხვის საპასუხოდ განცხადა.

მისივე თქმით, სურს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოისმინოს, რა არგუმენტი აქვთ მათ. ბოკერიას განცხადებით, დაელოდება, რამდენად აქვს აზრი კოორდინაციას.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მივიჩნევთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური რეჟიმის მიერ საკუთარი ამომრჩევლების, მომხრეების რაოდენობის ზრდა და ამ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად მათი პოლიტიკურად მოტივაცია არჩევნების გზით, შემდეგ ხმების დაცვის, მშვიდობიანი პროტესტის გზით. ამას სჭირდება ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ბევრმა სხვამაც ძალიან დააზიანა.

რაც შეეხება კოორდინაციას და ლოზუნგს – გაერთიანებას, „ევროპული საქართველო“ ვიყავით საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები საპარლამენტო არჩევნებზე, ამის შემდეგაც და  ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხის. ამიტომ მაინტერესებს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოვისმინო, რა არგუმენტი აქვთ, რომ ამჯერად გვაქვს საფუძველი ნდობის. დაველოდებით პროცესს, რათა ვნახოთ, რამდენად აქვს აზრი კოორდინაციას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.