გიგა ბოკერია - ბლოკირება ჩვენი ამოცანა არ არის, მაგრამ კრიზისი თუ არ განიმუხტება, პროცესი შემდეგ ფაზაში გადავა
გიგა ბოკერია - ბლოკირება ჩვენი ამოცანა არ არის, მაგრამ კრიზისი თუ არ განიმუხტება, პროცესი შემდეგ ფაზაში გადავა

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ბლოკირება არ გახლავთ ამოცანა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით პროტესტს. თვითმიზანი არ არის ხელოვნურად რამის გამწვავება. მაგრამ პროცესი ბუნებრივად გადავა შემდეგ ფაზაში, თუ არ გვექნა კრიზისის განმუხტვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების შარლ მიშელთან შეხვედრას, ბოკერიამ განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პერსონალურად ჩაერთო.

ბოკერიას თქმით, შარლ მიშელმა წარმოადგინა ჩარჩოდოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური კრიზისის გნმუხტვისთვის არის საჭირო.

„გუშინ ძალიან კარგი დღე იყო. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი პერსონალურად ჩაერთო ამ პროცესში. ძალიან კარგი ჩარჩო დადო, რომელიც მოიცავს ყველა საკითხს, რაც ამ კრიზისის განმუხტვისთვის არის საჭირო. ორ დღეში ვერ მოხდება სასამართლოს რეფორმა და უზენაესი სასამართლოს საკითხების მოგვარება, მაგრამ მოიცავს კონკრეტულ თემებს, როგორიც არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური დაპატიმრებები, ჩვენი ხედვით პოლიტიკური პატიმრები, რასაც მთავრობა არ აღიარებს. საუბარია მელიაზე და წინა შეთანხმებიდან ციხეში ჩატოვებულ რურუაზე, ასევე არის ვადამდელი არჩევნები.

ამიტომ, ეს ძალიან კარგი ჩარჩოდოკუმენტია, ჩარჩოხედვა. მთავრობა აქამდე იძახდა, რომ ამ საკითხებს არც განიხილავს და გუშინ პირველად დავსხედით. ოღონდ ჯერ შედეგები არ გვაქვს. ვიდრე შედეგები არ გვაქვს, აუცილებელია მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.