გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილს განცდას ვერ შევუქმნით, რომ უტიფრობის შემდეგ ნორმალური განვითარებაა, რეალობა ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა
გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილს განცდას ვერ შევუქმნით, რომ უტიფრობის შემდეგ ნორმალური განვითარებაა, რეალობა ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა

რეალობა არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ეს ფასი ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუჯდეს მშვიდობიანი პროტესტით პარლამენტის შიგნით, პარლამენტის გარეთ და უნდა დასრულდეს მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, როდესაც ასე იქცევა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური მსახურების გუნდი, პარლამენტში პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა იქნება გამოყენებული.

„ეს არ არის რაღაცა ორდინალური ვითარება, რომ რაღაცა ოპოზიციას არ მოწონს და მთავრობას აკრიტიკებს. თქვენ იცით, რომ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ აკადემიური დისკუსიისთვის მზად ვართ, ეს არის არანორმალური მდგომარეობა, ივანიშვილის მხრიდან ძალიან სახიფათო მიმართულებით ხელის კვრა, რადგან გაკოტრებულია და რადიკალიზაციაში ხედავს გამოსავალს. ბუნებრივია, ამას მოყვება ძალიან მწვავე პროტესტი, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტი ყველა მიმართულებით და მოუწევთ ამასთან შეგუება, თუმცა ამ პროტესტის ლოგიკური დასასრული ყველა შემთხვევაში არის მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება. მე არ ვაპირებ ახლა შესვლას, ეს პროტესტი, როგორც ნახეთ, ყოველთვის მშვიდობიანი არის, ოღონდ არის ისეთი, რომელიც მათ ფიზიკურადაც არ ესიამოვნებათ. ბიძინა ივანიშვილს იმ განცდას ვერ შევუქმნით, რომ ასეთი უტიფრობის შემდეგ ნორმალური განვითარებაა, რადგან რეალობა არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ეს ფასი მას უნდა დაუჯდეს მშვიდობიანი პროტესტით პარლამენტის შიგნით, პარლამენტის გარეთ, უნდა დასრულდეს მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილებით, მშვიდობიანი არჩევნების გზით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. სხდომაზე იმყოფებოდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები, ისინი 20 ივნისს პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.