გიგა ბოკერია - ბატონი სააკაშვილი ვერ იქნება ის ფიგურა, რომელზეც კომპრომისი შეიძლება
გიგა ბოკერია - ბატონი სააკაშვილი ვერ იქნება ის ფიგურა, რომელზეც კომპრომისი შეიძლება

ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენთვის სასურველ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ ვუჭერთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერად სააკაშვილის კანდიდატურას დააყენებს, დაუჭერთ თუ არა მხარს და როგორ წარმოგიდგენიათ გაერთიანებული ოპოზიციის თანამშრომლობა“.

ბოკერიას თქმით, ყველა პარტიას სურს, თავისი პოლიტიკური ლიდერი ან მის შეხედულებებთან ახლოს მყოფი ფიგურა იყოს პრემიერობის კანდიდატი, ამიტომ „ევროპული საქართველო“ სააკაშვილს  მხარს არ უჭერს.

ამასთან, გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციამ თბილისის მასშტაბით კანდიდატები შეათანხმა, თუმცა სხვა საკითხებში ერთმანეთის კონკურენტები არიან.

„თუ მოიპოვებენ 50 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას, ბუნებრივია, ყველა პარტიის უფლებაა, მისთვის სასურველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დააყენოს. ოღონდ აბსოლუტურად არარეალურია, რომ ასე მოხდეს. ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწევს კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე მიჩვევა და გონივრულ კომპრომისებზე წასვლა. ჩვენ კონკურენტები ვართ პროპორციულ არჩევნებში. ჩვენ თბილისის ოლქებში შევჯერდით მაჟორიტარულ კანდიდატებზე, ხმების დაცვაზე და ივანიშვილის ამ კლოუნების გუნდისგან განსხვავებით, ცივილიზებულ თანამშრომლობაზე მშვიდობიან არჩევნებში მათი დამარცხების მიზნით. სხვა საკითხებში ჩვენ კონკურენტები ვართ.

არჩევნების შედეგები განსაზღვრავს წონას ყველა პოლიტიკური პარტიის, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება ხოლმე. შემდეგ იწყება მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე. არიან კანდიდატები, რომელთა გარშემო მოლაპარაკება შეუძლებელი გახდება. არიან კანდიდატები, რომელთა გარშემო გონივრული კომპრომისი შესაძლებელია. ყველა პარტიას სურს, თავისი პოლიტიკური ლიდერი ან მის შეხედულებებთან ახლოს მყოფი ფიგურა იყოს პრემიერობის კანდიდატი. ამიტომ სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი კონკურენტი პარტია, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მხარს არ ვუჭერთ.

თუ პროგნოზს მეკითხებით, ამის შემდეგ რომელ ფიგურაზე იქნება შესაძლებელი, აქაც, ბატონი სააკაშვილი ვერ იქნება ის ფიგურა, რომელზეც კომპრომისი შეიძლება. ეს ესმის ყველას. მესმის, ივანიშვილის პროპაგანდა ტრადიციულად ახლა ამ საკითხს იყენებს საარჩევნო პროცესისგან ამომრჩეველთა ნაწილის გათიშვისთვის, რომ თქვას, თუ არ იქნება ბიძინა, იქნება მიშა. ეს ასე არ არის, ეს ტყუილია“, – განაცხადა ბოკერიამ.