გიგა ბოკერია - ბარიერის დაწევაზე თანახმა ვართ, ეს არ არის საკვანძო საკითხი „ევროპული საქართველოსთვის“, მაგრამ მნიშვნელოვანია ზოგი პარტიისთვის
გიგა ბოკერია - ბარიერის დაწევაზე თანახმა ვართ, ეს არ არის საკვანძო საკითხი „ევროპული საქართველოსთვის“, მაგრამ მნიშვნელოვანია ზოგი პარტიისთვის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არ არის საკვანძო „ევროპული საქართველოსთვის“, მაგრამ მნიშვნელოვანია ზოგი პარტიისთვის და ამიტომ პარტია ბარიერის დაწევაზე თანახმაა.

ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომ მმართველი გუნდი მზად არის, განიხილოს ერთპროცენტიანი ბარიერის საკითხი, თუ ის პარლამენტში პლურალისტულ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

„ბარიერის დაწევაზე, რა თქმა უნდა, თანახმა ვართ. ეს არ არის საკვანძო საკითხი „ევროპული საქართველოსთვის“, მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხი ზოგიერთი პარტიისთვის. მხოლოდ ამიტომ კი არა, ისედაც, აბსოლუტურად ნორმალურია თუ დაწევენ ბარიერს“, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ორშაბათამდე არის დრო შეხვედრისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში შეხვედრა ვერ მოხდება.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისგან შეხვედრაზე მიწვევა არ მიუღია.

„ჩვენ გვეპატიჟებოდნენ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები, თორემ თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, სანამ ის პოზიცია აქვს, რაც აქვს. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და მოიქცნენ უტიფრად; შექმნეს კრიზისი, როცა მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი ფიგურა დამატებით დაიჭირეს უტიფარი ფორმით, იმის მაგივრად, რომ გაეშვათ, ვინც იყო დაჭერილი და ამით ააფეთქეს მოლაპარაკება. ახლა თუ იცვლიან პოზიციას, მოწადინებული ვართ, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, განვმუხტოთ სიტუაცია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ეს საზოგადოებისვე ინტერესებს ეხმიანება და არა იმიტომ, რომ ივანიშვილს მოვუხსნათ პრობლემა ქვეყნის შიგნით და გარეთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„უნდა გაუშვან პოლიტპატიმრები. კარგია, რომ ერთი პოლიტპატიმარი გირაოთი გათავისუფლდა, დანარჩენებიც უნდა გაუშვან და უნდა დათანხმდნენ არსებითად პროპორციულ სისტემაზე. გვესმის, რომ სრულად პროპორციული არ იქნება, ჩვენ ვართ მოქნილები, გვინდა ვითარების განმუხტვა. ვუთხარით, რაც არის, ამ სისულელეს, რომ თურმე მაჟორიტარებს ვერ შეამცირებენ არავინ დაიჯერებს, თუ 40-მდე ამცირებენ, შეამცირებენ 20-მდეც. იმ უტიფრობას ვინმე თუ მართლა ფიქრობს, რომ დააკლოს მსხვილ ქალაქებს ადგილი და დისპროპორციული გახადოს, ეგეც არ გამოვა, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გამწვავებისკენ. თუ სურთ განმუხტვა და ივანიშვილი გონს მოეგება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებული ვართ განმუხტვისკენ.