გიგა ბოკერია - არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად ჩამოსვლაზე, მთავრობა კი მის დაჭერაზე საუბრობს
გიგა ბოკერია - არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად ჩამოსვლაზე, მთავრობა კი მის დაჭერაზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არანორმალური ვითარებაა, როცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა ცენტრალური დისკუსიის საკითხია.

კერძოდ, ბოკერიას თქმით, ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ჩამოსვლაზე საუბრობს და ვერ ჩამოდის, ხოლო მეორე მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ დაიჭერენ.

„არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად ამბობს, რომ ჩამოვალ, მერე ვერ ჩამოდის, რადგან აქ დაჭერა ემუქრება. აქ მთავრობა იძახის, რომ ვერ ჩამოვა ან დავიჭერთ, ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, რაც ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებასთან ერთად უნდა დავასრულოთ.

არც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. რა მოხდება, რეალური რა არის, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, რომ აქამდე ბევრჯერ ითქვა ასეთი რამე მისი მხრიდან და ვერ განხორციელდა. თავისთავად, არანორმალურია, როცა ცენტრალური დისკუსიის საკითხია, ეს პოლიტიკური ფიგურა ჩამოვა თუ არა, არა ამ პოლიტიკური ფიგურის გამო, არამედ იმ პოლიტიკური კლიმატის გამო, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა, შემდეგ როგორც იყენებს ამ ვითარებას. საქართველოში ივანიშვილის მარცხთან ერთად ეს აუცილებლდ დასრულდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.