გიგა ბოკერია - შავი სია არასწორი ტერმინია, თუ ვინმემ შეცდომა დაუშვა და გამოიყენა, ძალიან ცუდია
გიგა ბოკერია - შავი სია არასწორი ტერმინია, თუ ვინმემ შეცდომა დაუშვა და გამოიყენა, ძალიან ცუდია

ტერმინი შავი სია აბსოლუტურად არაზუსტია, არანაირი შავი და დასაჭერების სია არ არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რამდენსაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ ასე წარმოაჩინოს, ეს არის სიცრუე.

„არის მარტივი საკითხი, ოღონდ საკმაოდ ეფექტური ჩვენი გათვლით, ეს არის შემაკავებელი ეფექტი ძალადობის, პოლიტიკური რეპრესიებისა და საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებზე. შავი სია არასწორი ტერმინია, თუ ვინმემ გამოიყენა იმ ტალღის გამო და რეპრესიების დასაანონსებლად, თუ ასეთი შეცდომა ვინმემ დაუშვა, ძალიან ცუდია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. შავი სიის შემუშავება რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. მათი განცხადებით, სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი